
Meta Platforms-ის აქციების ფასის ზრდის შემდეგ, მისი 37 წლის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება $11 მილიარდით გაზარდა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ბიზნესმენისთვის ეს ქონების ყველაზე დიდი დღიური ზრდაა.
უზარმაზარმა მოგებამ ცუკერბერგი მილიარდერების სიაში ექვსი ადგილით დააწინაურა. ახლა ის 500 უმდიდრესი ადამიანის ჩამონათვალში მე-12 ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ მილიარდერებს, როგორებიც არიან, კარლოს სლიმი და ჯიმი, რობი და ელის უოლტონები.
გუშინ Meta-ს აქციების ზრდის მიზეზი, გასული წლის ბოლო სამ თვეში მნიშვნელოვანი კლების შემდეგ, Facebook-ის მომხმარებელთა მკვეთრი შემობრუნება გახდა. აქციების ფასის ზრდა მიუთითებს, რომ ინვესტორები პლატფორმის მომავალი ზრდის პერსპექტივაში დარწმუნდნენ.
გუშინდელი ზრდის მიუხედავად, Meta-ს აქციები მიმდინარე წელს 39%-ით არის შემცირებული, ხოლო მისი აღმასრულებელი დირექტორის ქონება, 2022 წლის პირველ ოთხ თვეში $49,6 მილიარდით შემცირდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯილ შაჰი