LIVE

რუსულმა Rosneft-მა 37 მილიონი ბარელი ნავთობი ვერ გაყიდა

26 აპრ 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 567
რუსულმა Rosneft-მა 37 მილიონი ბარელი ნავთობი ვერ გაყიდა

რუსეთის უმსხვილესმა სახელმწიფო ნავთობმწარმოებელმა Rosneft-მა მილიონობით ბარელი ურალის ნედლი ნავთობის გაყიდვა ვერ შეძლო. ეს იმ ფონზე, რომ ევროპელი მყიდველები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული კომპანიებისგან დისტანცირებას განაგრძობენ.

Rosneft-ი 5.1 მილიონი ტონა, ანუ 37 მილიონი ბარელი ურალის ნავთობის გაყიდვას ცდილობდა, თუმცა ევროპულმა კომპანიებმა ტენდერის ფარგლებში შეთავაზება არ წარადგინეს. მხოლოდ რამდენიმე აზიურმა გადამამუშავებელმა გამოთქვა შესყიდვის სურვილი, თუმცა Rosneft-ი მათი შეთავაზებით არ დაკმაყოფილდა. აზიური ქარხნები მიიჩნევენ, რომ რუსული კომპანიის ზოგიერთი მოთხოვნა, მაგალითად 100%-ის წინასწარი გადახდის პირობა, ძალიან მკაცრია.

წარუმატებლობა ხაზს უსვამს მყიდველების პოვნის მზარდ სირთულეს რუსი მწარმოებლებისთვის მას შემდეგ, რაც ევროპულმა ქარხნებმა შესყიდვები შეამცირეს. მიუხედავად იმისა, რომ ურალის საზღვაო ექსპორტის ნახევარზე მეტი კვლავ ევროპაში მიდის, ეს თანაფარდობა ომამდელ დონეებთან შედარებით 90%-მდე დაეცა.

თუმცა, რუსული ნავთობის მსურველები ჯერ კიდევ დარჩნენ. ინდოეთმა საგრძნობლად გაზარდა ურალის ნავთობის იმპორტი.

რუსეთი მომავალ თვეში ურალის ნავთობის ექსპორტის მაღალ დონეს გეგმავს. ბოლო ჩატვირთვის პროგრამამ აჩვენა, რომ მაისში დღეში დაახლოებით 2.06 მილიონი ბარელი ნავთობი გაიგზავნება. დღიური მოცულობა აპრილის 3-წლიან მაქსიმუმზე ოდნავ დაბალია, რომელიც 2.26 მილიონ ბარელს შეადგენდა, მაგრამ 2021 წლის 1.5 მილიონიან საშუალოს ბევრად აღემატება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შერი სუ