
ბიტკოინმა მიმდინარე თვის დანაკარგების სერია ორშაბათის ვაჭრობაშიც გააგრძელა. ინვესტორები რისკის შემცველ აქტივებს თავს არიდებენ, ფედერალური სარეზერვო სისტემა კი პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს.
უმსხვილესი კრიპტოვალუტა 3.2%-ით $38,236-მდე შემცირდა, რაც 15 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და გასული თვის მაქსიმუმს 20%-ით ჩამოუვარდება. მეორე უმსხვილესი მონეტის ეთერიუმის ფასი 4.8%-ით, $2,799-მდე დაეცა.
კლების მიუხედავად, ბიტკოინი $35,000-დან $45,000-მდე სავაჭრო დიაპაზონში რჩება, რომელსაც წლის დასაწყისიდან ინარჩუნებს. ციფრული მონეტა დოლართან ნეგატიურ კავშირშია და Nasdaq 100-ის მსგავსად მოძრაობს.
მომდევნო თვეებში, ინფლაციასთან საბრძოლველად Fed-ის მიერ განაკვეთების 50 საბაზისო პუნქტით გაზრდაა მოსალოდნელი.შესაბამისად, ზოგიერთი ფაქტორი, რამაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტების ძლიერი ზრდა განაპირობა საპირისპიროდ მოქმედებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯესიკა ოსინგერი