LIVE

ფხაკაძე: ემოციურად ძალიან რთულია, როდესაც ნებისმიერ პროდუქტზე ფასებს უმატებ

20 აპრ 202220:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 3103

„ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, საწვავის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გაურკვეველი სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში საწვავზე აქციზის გაუქმება ან შემცირება გამოსავალი ვერ იქნება.

როგორც ფხაკაძემ „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საგადასახადო ტვირთის შემცირება კერძო სექტორისთვის ყოველთვის მისაღებია. მისივე თქმით, ბიზნესისთვის ფასების ზრდა "ძალიან რთულია".

"მთელ რიგ სექტორებში, მთელ რიგ პროდუქტებზე ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, თითოეული ჩვენგანი ამას ვგრძნობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, საოპერაციო ხარჯები შევამციროთ, რომ მომხმარებელზე გავლენა დაბალი იყოს. თუმცა ძალიან რთულია, როდესაც ნებისმიერ პროდუქტზე ფასებს უმატებ. რთულია როგორც ემოციურად, ისე პროფესიულად. სხვა საშუალება აქ გაქვს, იცი, რომ ქვეყანაში, სადაც მსყიდველობითი უნარი დაბალია, ვერ გაზრდი გაყიდვებს. ამასთან, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ძალიან ძნელია ამის გაკეთება",- აცხადებს ფხაკაძე.

მისი განმარტებით, საწვავის საერთაშორისო ბაზრებზე იმდენად არასტაბილური ვითარებაა, რომ ფასებთან დაკავშირებით პროგნოზირება რთულია. 

"როგორც კი ახალი პარტია ოდნავ იაფად ვიყიდეთ, ფასი შევამცირეთ. ახლა პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ხვალ და ზეგ, ძალიან რთულია. უნდა გვესმოდეს, რომ სანამ ეს საშინელი ომი არ დამთავრდება, ძალიან რთულია რამეზე საუბარი",- აცხადებს სოსო ფხაკაძე.

ფხაკაძე აცხადებს, რომ შექმნილ სიტუაციაში ერთგვარი კომპენსაციის სახით, ხვალიდან კომპანია „ვისოლი“ ერთგულ მომხმარებლებს ნებისმიერი ტიპის საწვავზე 25 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს ფასების კორექტირებისაკენ მოუწოდა.

19 აპრილის ვაჭრობის შედეგებით Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 107.25 დოლარი/ბარელზე.