LIVE

Netflix-მა 200 000 გამომწერი დაკარგა - კომპანიის აქციები დაეცა

20 აპრ 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 727
Netflix-მა 200 000 გამომწერი დაკარგა - კომპანიის აქციები დაეცა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად, Netflix-ს გამომწერები შეუმცირდა. ამ ფონზე კომპანია წესებს ცვლის.

სტრიმინგის ლიდერი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გამომწერებისთვის უფრო იაფ, რეკლამით მხარდაჭერილ სერვისს წარადგენს. კომპანია ასევე უფრო მკაცრად გააკონტროლებს პაროლის გაზიარებას მომხმარებლებს შორის. გამომწერების დაკარგვის საპასუხოდ Netflix-ი ასევე შეამცირებს ხარჯებს ფილმებსა და სატელევიზიო შოუებზე.

კომპანიის თანადამფუძნებელი რიდ ჰესტინგსი წლების განმავლობაში ხაზს უსვამდა, რომ გამომწერებისთვის რეკლამით დატვირთული ვარიანტის შეთავაზება არ სურდა, ხოლო პაროლის გაზიარებასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. თუმცა, პირველ კვარტალში 200 000 გამომწერის დაკარგვის შემდეგ, კომპანია კურსს იცვლის. პროგნოზის მიხედვით, Netflix-ი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კიდევ 2 მილიონ მომხმარებელს დაკარგავს. ეს უზარმაზარი უკუსვლაა კომპანიისთვის, რომელიც წელიწადში საშუალოდ 25 მილიონი გამომწერით იზრდებოდა.

ინფორმაციის ფონზე, კომპანიის აქციების ფასი, რომელიც მიმდინარე წელს 40%-ით უკვე შემცირდა, კიდევ 27%-ით დაეცა და $256 შეადგინა.

კომპანია მომხმარებლების დაკარგვას ფასის ზრდას აბრალებს და აცხადებს, რომ ეს მოსალოდნელი იყო. ამასთან კომპანიას რუსეთის უკრაინაში შეჭრა დამატებით 700 000 მომხმარებელი დაუჯდა, რადგან რუსეთში სერვისის მიწოდება შეწყვიტა.

Netflix-ის პრობლემები გამაფრთხილებელი ნიშანია მისი კონკურენტებისთვისაც. მას შემდეგ, რაც მილიონობით მომხმარებელმა ფასიანი სატელევიზიო სერვისები სტრიმინგის გამო მიატოვა, აშშ-ს გართობის ინდუსტრიის გიგანტებმა რეკონსტრუქცია განიცადეს, რათა Netflix-ისთვის კონკურენცია გაეწიათ. ინვესტორები ამ სტრატეგიულ სვლას მხარს უჭერდნენ, რამაც კომპანიების აქციების წარმატებას ხელი შეუწყო.

Netflix-ის პერსპექტივის გამოქვეყნების შემდეგ, Disney-ის აქციების ფასი გახანგრძლივებულ ვაჭრობაში 5.2%-ით დაეცა, ხოლო Warner Bros-ის აქციების ფასი 2.8%-ით. კომპანია HBO Max-ის მფლობელია.

ყველა ეს კონკურენტი რეკლამით მხარდაჭერილ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, ან გეგმავენ ამის გაკეთებას. ანალიტიკოსები და Netflix-ის კონკურენტები დიდი ხნის განმავლობაში სპეკულირებდნენ, რომ კომპანია რეკლამით მხარდაჭერილ სერვისს წარადგენდა. თუმცა, Netflix-ი ყოველთვის აცხადებდა, რომ მისი მაყურებლები გამოწერის სერვისს რეკლამის არარსებობის გამო ამჯობინებდნენ საკაბელო ტელევიზიას.

მიუხედავად მომხმარებლების დაკარგვისა, Netflix-ი აშშ-ს მიღმა კონკურენტებზე მაინც ბევრად წინ რჩება და მსოფლიოს უმსხვილესი სტრიმინგ სერვისია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ