LIVE

მოსკოვის მერის თქმით, 200 000 ადამიანი სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშეა

19 აპრ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 564
მოსკოვის მერის თქმით, 200 000 ადამიანი სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშეა
Mikhail Svetlov/Getty Images

მოსკოვის მერის თქმით, ქალაქის ასობით ათასმა მაცხოვრებელმა შეიძლება დაკარგოს სამსახური, რადგან დასავლურმა კომპანიებმა ბაზარი დატოვეს ან გადაიტანეს თავიანთი ოპერაციები რუსეთიდან.

“ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 200 000 ადამიანი სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას”, - განაცხადა სერგეი სობიანინმა.

მოსკოვის მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობამ დაამტკიცა დასაქმების მხარდაჭერის $41 მილიონის ღირებულების პროგრამა, რომელიც უმუშევართათვის დროებით სამუშაოს ან ტრენინგს უზრუნველყოფს.

მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 58 000 ადამიანი ისარგებლებს პროგრამით, ხოლო რუსეთი ყოველთვიურად უზრუნველყოფს ბავშვების დახმარებას და სესხებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ქალაქის ოფიციალური პირები განიხილავენ, თუ როგორ შეინარჩუნებს დედაქალაქი წამლების მარაგს იმპორტის გარეშე და როგორ შეინარჩუნებს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას.

“წინ ბევრი სამუშაოა, რომლის შედეგები მხოლოდ რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება”, - წერს სობიანინი.

მოსკოვის მერის განცხადების პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარყოფს, რომ დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე იმოქმედა.

“შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ასეთი პოლიტიკა ჩაიშალა. ეკონომიკურმა ბლიცკრიგის სტრატეგიამ არ იმუშავა. უფრო მეტიც, სანქციებს თავად ინიციატორები ვერ გაექცნენ”,- განაცხადა პუტინმა.

იელის მენეჯმენტის სკოლის მონაცემებით, 750-ზე მეტმა კომპანიამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ ისინი, ამა თუ იმ ხარისხით, შეწყვეტენ საქმიანობას რუსეთში უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ.

ზოგიერთმა კომპანიამ პირობა დადო, რომ გააგრძელებს დასაქმებულების ანაზღაურებას, თუმცა გაურკვეველია, რამდენ ხანს აპირებენ მხარდაჭერის შენარჩუნებას.

McDonalds-მა, ერთ-ერთმა პირველმა მსხვილმა კომპანიამ, რომელმაც რუსეთი დატოვა, განაცხადა, რომ ქვეყანაში მაღაზიების დახურვა კომპანიას თვეში $50 მილიონი უჯდება, რადგან დაახლოებით 62,000 ადგილობრივ თანამშრომელს კვლავ უხდის ხელფასს. მისი ზოგიერთი დაწესებულება ჯერ კიდევ ღიაა, რადგან ფრანშიზას მფლობელებმა, რომლებიც ფლობენ და მართავენ რესტორნებს, უარი თქვეს დახურვაზე, იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti.

სტრატეგიული კვლევების ცენტრის (CSR) პროგნოზით, 2022 წლის ბოლომდე რუსეთის ეკონომიკაში სამუშაო ადგილების რაოდენობა შესაძლოა 2 მილიონით შემცირდეს, ამის გამო ქვეყანაში უმუშევრობის დონე არსებული 4,4%-დან 7,1-7,8%-მდე გაიზრდება. მოვლენების ნაკლებ დრამატული განვითარებით, მაჩვენებელი 6,4-6,5%-მდე გაიზრდება.