LIVE

რუსეთში სამუშაო ადგილების რაოდენობა შესაძლოა 2 მილიონით შემცირდეს

02 აპრ 202219:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 819
რუსეთში სამუშაო ადგილების რაოდენობა შესაძლოა 2 მილიონით შემცირდეს

სტრატეგიული კვლევების ცენტრის (CSR) პროგნოზით, 2022 წლის ბოლომდე რუსეთის ეკონომიკაში სამუშაო ადგილების რაოდენობა შესაძლოა 2 მილიონით შემცირდეს, ამის გამო ქვეყანაში უმუშევრობის დონე არსებული 4,4%-დან 7,1-7,8%-მდე გაიზრდება. მოვლენების ნაკლებ დრამატული განვითარებით, მაჩვენებელი 6,4-6,5%-მდე გაიზრდება. 

გრძელვადიან პერსპექტივაში, ანალიტიკოსების მოლოდინების თანახმად, სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდება საავტომობილო ინდუსტრიაში, მეტალურგიასა და მშენებლობაში, ხოლო თანამშრომლების საჭიროება გაიზრდება მსუბუქ ინდუსტრიასა და IT სფეროში. 

CSR-ის ანგარიში რუსეთის შრომის ბაზრის განვითარების ორ სავარაუდო სცენარს ასახავს. პირველ შემთხვევაში, ეკონომიკაში გრძელვადიანი სტრუქტურული რეცესია მოხდება და  უმუშევრობის დონე ამჟამინდელი 4,4%-დან 6,4-6,5%-მდე გაიზრდება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. მეორე სცენარის მიხედვით, ეკონომიკაში დაახლოებით 2 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვის გამო, 2022 წლის ბოლომდე უმუშევრობა 7.1-7.8%-მდე გაიზრდება, მაგრამ 2023 წლის ზაფხულისთვის შრომის ბაზარი აღდგენას დაიწყებს.

რუსეთის მთავრობას ჯერ არ წარმოუდგენია შრომის ბაზარზე არსებული ვითარების განვითარების სცენარი და მშპ-ის მიმდინარე წლის პროგნოზი. შრომის სამინისტროს ცნობით, დამსაქმებლები მხოლოდ 50 000 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავენ, 14 000-მდე თანამშრომელი კი უხელფასო შვებულებაშია.

სამუშაო ადგილების რაოდენობის შემცირება ძირითადად მოხდება იმ ინდუსტრიებში, რომლებიც უფრო მეტად არიან დამოკიდებული იმპორტირებულ კომპონენტებზე (საავტომობილო მრეწველობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა), ასევე იმ ინდუსტრიებში, რომლებმაც დაკარგეს გარე (მეტალურგია, სასუქის წარმოება) ან შიდა (მშენებლობა) გაყიდვების ბაზრები სანქციების შედეგად. 

ამავდროულად, მთელ რიგ ინდუსტრიებში დაფიქსირდება პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა რუსეთის შიგნით. ეს არის ინდუსტრიები, რომლებშიც ხდება ძირითადი კონკურენტების ბაზრიდან გასვლა (ტექსტილის წარმოება, IT), არსებობს იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ზრდის ფაქტორი რუბლის გაუფასურების გამო, ასევე ინდუსტრიები, რომლებშიც უცხოური მიწოდების ნაწილი შეჩერებულია სანქციების გამო (მიკროელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია, აღჭურვილობა). 

ამ ინდუსტრიებში მუშახელის მოთხოვნამ შესაძლოა ნაწილობრივ აანაზღაუროს სამუშაო ადგილების დანაკარგი სხვა სფეროებში, თუმცა, უცნობია, რამდენად მოუწევთ “მიგრანტ” თანამშრომლებს პროფესიული უნარების განახლება.