LIVE

ნავთობის ფასი სამკვირიან მაქსიმუმზეა - ბარელის ფასი $112-ს გადასცდა

18 აპრ 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 771
ნავთობის ფასი სამკვირიან მაქსიმუმზეა - ბარელის ფასი $112-ს გადასცდა

ნავთობის ფასი თითქმის სამკვირიან მაქსიმუმამდე გაიზარდა, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დასავლეთის მიერ მთავარი ექსპორტიორის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას და გლობალური მიწოდების შეფერხების შიშს უკავშირდება.

ანალიტიკოსები ნავთობის ფასის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ლიბიის პორტებში შეფერხებასაც ასახელებს. პრემიერ-მინისტრ აბდულ ჰამიდ დბეიბას წინააღმდეგ საპროტესტო აქციების შემდეგ, ლიბიის ორი პორტი იძულებული გახდა შეეწყვიტა ნავთობის ჩატვირთვა. გამომუშავება შეჩერდა ლიბიაში El Feel ველზე, სადაც დღეში 65000 ბარელს მოიპოვებენ. 

ბრენტის ფიუჩერსები 1,0%-ით ($1,09-ით) გაიზარდა და ბარელზე $112,79 შეადგინა, რაც 30 მარტს დაფიქსირებული $113,80-ის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია.

აშშ-ის West Texas Intermediate-ის ფიუჩერსები ბარელზე $1.00-ით ანუ 0.9%-ით $107.95-მდე გაიზარდა, რაც 30 მარტის ფასთან ($108.55) შედარებით, ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

აღდგომის უქმე დღეების წინ, გასულ კვირას ორივე კონტრაქტით ფასმა 2,5%-ზე მეტით მოიმატა, რადგან გაჩნდა შიში, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალოს. 

ევროკავშირის მთავრობებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ბლოკის აღმასრულებელი ხელისუფლება რუსული ნედლი ნავთობის აკრძალვის შესახებ წინადადებაზე მუშაობს, თუმცა დიპლომატები აცხადებენ, რომ გერმანია ემბარგოს მხარს კვლავ არ უჭერს.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, დღეში დაახლოებით 3 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი შესაძლოა აღარ მოიპოვონ სანქციების ან მყიდველების მიერ რუსულ ტვირთზე ნებაყოფლობით უარის თქმის გამო. 

საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის გასული კვირის მონაცემებით, რუსული ნავთობის მოპოვება აპრილში კლებას განაგრძობდა და თვის პირველ ნახევარში, მარტის მაჩვენებელთან შედარებით, 7,5%-ით შემცირდა.

გასულ კვირას OPEC-ის ანგარიშმა აჩვენა, რომ მარტში მისი წარმოება გაიზარდა მხოლოდ დღეში 57,000 ბარელით 28,56 მილიონი ბარელამდე, რაც OPEC+-ის შეთანხმებით დაშვებულ 253,000-ბარელიან ზრდას ჩამორჩება.