LIVE

მსოფლიო ბანკი: წელს საქართველოში ინფლაცია 11%-ის ფარგლებში იქნება

13 აპრ 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 778

მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოში საშუალო ინფლაცია 11%-ის ფარგლებში იქნება.

როგორც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, უკრაინის ომამდე ნავარაუდევი იყო, რომ საქართველოში ფასების საერთო დონე 9%-ით გაიზრდებოდა, თუმცა მსოფლიო ბაზარზე განვითარებულმა მოვლენებმა მოლოდინები გააუარესა.

„უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე ვვარაუდობდით, რომ საქართველოში წლიური ინფლაცია 8-9%-ის ფარგლებში იქნებოდა. თუმცა იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში გაზრდილია ფასები, როგორც სურსათზე, ასევე ნავთობზე, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია კვლავაც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ველით, რომ წელს საქართველოში საშუალო ინფლაცია 11%-ის ფარგლებში იქნება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე გადადგა ნაბიჯები, გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი და ველით, რომ ინფლაციის ტემპი უკვე მომავალ წელს შემცირებული იქნება“, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 9% იქნება. საქსტატის მონაცემებით კი მარტში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 11.8% შეადგინა. უკვე 9 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.