LIVE

გვენეტაძე: თუ ინფლაციასთან გამკლავება უფრო დაბალ დეფიციტს მოითხოვს, ესეც უნდა გაკეთდეს

13 აპრ 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 900
გვენეტაძე: თუ ინფლაციასთან გამკლავება უფრო დაბალ დეფიციტს მოითხოვს, ესეც უნდა გაკეთდეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, უფრო მაღალი ფინანსური კონსოლიდაცია ინფლაციის შენელებას ყოველთვის დაეხმარება.  

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ინფლაცია მოლოდინებში არ გადაიზარდოს.

„ეროვნული ბანკის პოლიტიკა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისკენ არის მიმართული. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ის, აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. ამ ეტაპზე, როგორც მინიმუმ, შენარჩუნებული უნდა იყოს. მეტიც, თუ ინფლაციასთან გამკლავება უფრო დაბალ ფისკალურ დეფიციტს მოითხოვს, ესეც უნდა გაკეთდეს",- აცხადებს კობა გვენეტაძე. 

„ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მთავრობამ ბიუჯეტი ხარჯების შემცირების მიმართულებით უნდა დააკორექტიროს, სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტრომ უფრო კარგად იცის, რისი გაკეთებაა შესაძლებელი.

„მოგეხსენებათ, ფისკალური კონსოლიდაცია წელსაც დაგეგმილია და მომავალ წელსაც გაგრძელდება. ზოგადად, უფრო მაღალი კონსოლიდაცია, ინფლაციის შენელებას ყოველთვის დაეხმარება“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის პროგნოზით, წელს საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 9% იქნება.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 11.8% შეადგინა. უკვე 9 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება. 

30 მარტს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ს შეადგენს, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.