LIVE

Societe Generale რუსეთიდან გადის - ის Rosbank-ის წილს პოტანინს მიყიდის

11 აპრ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 601
Societe Generale რუსეთიდან გადის - ის Rosbank-ის წილს პოტანინს მიყიდის

Societe Generale რუსეთში საბანკო და სადაზღვევო საქმიანობას წყვეტს, მათ შორის ყიდის Rosbank-ში საკუთარ წილს. 

ფრანგული ბანკი აცხადებს, რომ Rosbank-ისა და შვილობილი სადაზღვევო კომპანიის მთელ წილს Rosbank-ის წინა აქციონერს, Interros Group-ს მიყიდის, რომელიც რუს ოლიგარქთან, ვლადიმერ პოტანინთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ პოტანინი ყველაზე მდიდარი რუსი მილიარდერია და ის ამ დრომდე მხოლოდ კანადის მიერაა სანქცირებული. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 61 წლის პოტანინი $29,6-მილიარდიანი ქონებით მსოფლიოში 43-ე უმდიდრესი ადამიანია.

Societe Generale-ს რუსეთის დატოვება 3 მილიარდ ევრომდე დაუჯდება. კომპანიის თანახმად, გასხვისება ჩამორთმეული აქტივობების წმინდა საბალანსო ღირებულების დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ($2,18 მლრდ) ჩამოწერას და 1,1 მილიარდ ევროს უნაღდო ხარჯებს გამოიწვევს. 

ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, Societe Generale-ის აქციების ფასი 8,2%-ით გაიზარდა.

ბანკის მიერ 2021 წელს მიღებული მოგების 2,7% რუსეთზე მოდიოდა, ასევე ბანკის ექსპოზიციის 1,7%. აქედან უმეტესი ნაწილი Rosbank-ში განთავსებულ 15,4 მილიარდ ევროზე მოდის. 

მარეგულირებელი და ანტიმონოპოლიური ორგანოების მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ტრანზაქცია, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დაიხურება. 

Societe Generale ერთ-ერთია სამი ევროპული ბანკიდან, რომელსაც რუსეთში ყველაზე მსხვილი ბიზნესი აქვს. Raiffeisen Bank International და UniCredit ასევე განიხილავენ გააგრძელონ თუ არა ქვეყანაში საქმიანობა. 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ბაზარი სრულად ან ნაწილობრივ დატოვა 450-ზე მეტმა კომპანიამ.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრე რაჯბჰანდარი