LIVE

რუსეთის 20 უმდიდრესი მილიარდერიდან ნახევარი სანქცირებული არაა

31 მარ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 925
რუსეთის 20 უმდიდრესი მილიარდერიდან ნახევარი სანქცირებული არაა

რუსეთის 20 უმდიდრესი ადამიანიდან ნახევარს უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციები არ დაუწესდა. შედეგად, სუპერ მდიდარი რუსების ძლევამოსილ ჯგუფს უფლება აქვს მთელ მსოფლიოში შეზღუდვების გარეშე იმოქმედოს.

მთლიანობაში, სანქციებით ჯამში $200 მილიარდის მფლობელი მილიარდერები დაზარალდნენ. დიდმა ბრიტანეთმა 10 ყველაზე მდიდარი მილიარდერის მიმართ დააწესა სანქციები, ევროკავშირმა 9-ის, ხოლო აშშ-მა მხოლოდ ოთხის.

სამივე სიაში მხოლოდ ოთხი ადამიანი მოხვდა, ხოლო 5 ყველაზე მდიდარი რუსი მილიარდერიდან 4 არსად არ არის სანქცირებული. არასანქცირებულთა სიას ქვეყნის ყველაზე მდიდარი მოქალაქე, ვლადიმერ პოტანინი უძღვება. სანქცირებული რუსების სიაში ყველაზე მდიდარი ალექსეი მორდაშოვია, Severstal-ის მაკონტროლებელი აქციონერი, რომელიც რუსეთის მეოთხე უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელია.

რუსი ბიზნესმენი ლეონიდ მიხელსონი, ფოლადის მაგნატი ვლადიმერ ლისინი და Lukoil-ის თავმჯდომარე ვაგიტ ალეკპეროვი იმ უმდიდრეს რუსებს შორის არიან, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არ მოხვდნენ. ყველა მათგანი ფლობს ჰოლდინგებს საჯაროდ მოვაჭრე კომპანიებში, რომლებიც რუსეთის მკვეთრად პოლიტიზებულ ბიზნეს გარემოში ოპერირებენ.

სანქციების ექსპერტები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სანქციებს მიღმა დატოვების შესახებ ნაწილობრივ მაინც არის დაკავშირებული მათ კრიტიკულ წილებთან ენერგიის, მეტალებისა და სასუქების მსხვილ კომპანიებში.

იმუშავებს თუ არა რუსების სანქცირება?

უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ რუსეთი ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა მსოფლიოში. ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვამ და ზოგიერთი ბანკის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან გაძევებამ ქვეყანა დეფოლტის ზღვარზე მიიყვანა.

მთლიანობაში, აშშ-მა 852 ადამიანის აქტივები გაყიდა, ევროკავშირმა 775-ის, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა 982-ის. თუმცა, სანქცირებულთა სიები ერთმანეთს არ ემთხვევა.

 

 

ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ განსხვავებებმა შეიძლება სანქციების ეფექტურობა შეამციროს.

რატომ არ მოხვდა ზოგი მილიარდერი სანქცირებულების სიაში?

ბევრი წამყვანი არასანქცირებული მილიარდერი აქტიურად არის ჩართული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გლობალურ სასაქონლო სექტორებში და მნიშვნელოვან წილებს ფლობს ძირითად კომპანიებში, რომლებიც დასავლეთს ამარაგებენ.

"სანქციების უპირველესი მიზანი უნდა იყოს ის, რომ სანქციებით მეტად ვავნოთ სამიზნეს, ვიდრე საკუთარ თავს. როდესაც გაზზე ვსაუბრობთ, ევროპას კვლავ სჭირდება რუსეთი. აშშ და მოკავშირეები ფრთხილად განიხილავენ რომელი პროდუქტები არის აუცილებელი ჩვენთვის რუსეთიდან და ეცდებიან აირიდონ ეს დარტყმა",- ამბობს აშშ-ს ხაზინის სანქციების განყოფილების ყოფილი უფროსი ჯონ სმიტი.

პოტანინი, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში დააგროვა, რუსეთის თავდაპირველი ოლიგარქებიდან ერთ-ერთია, რომელიც ჯერჯერობით სანქცირებული არ არის. ის ასევე ერთ-ერთია იმ რამდენიმე მაგნატიდან, რომლებმაც პუტინთან ერთად ჰოკეი ითამაშეს და კრემლს სოჭის ოლიმპიადის დადგმაში დაეხმარნენ. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პოტანინმა პოზიციები დაკარგა აშშ-ის კულტურულ ინსტიტუტებში. მან ასევე ბევრი გააოცა, როდესაც კრემლის გეგმა რუსეთის დატოვების მსურველი უცხოური კომპანიების აქტივების ჩამორთმევის შესახებ გააკრიტიკა.

პოტანინი Norilsk Nickel-ის 36%-ს ფლობს, რაც მას კომპანიის უმსხვილეს აქციონერად აქცევს. კომპანია გადამუშავებული ნიკელის წარმოების დაახლოებით 10%-ს, ხოლო გლობალური პალადიუმის წარმოების 40%-ს უზრუნველყოფს, რაც ომამდე უკვე დეფიციტური ნახევარგამტარების წარმოებისთვის გადამწყვეტი ელემენტია.

ვინ არიან უმდიდრესი არასანქცირებული რუსები?

პოტანინის მსგავსად, ლეონიდ მიხელსონი, მეორე უმდიდრესი რუსი, ასევე არასანქცირებულია. მას ფართო საქმიანი კავშირები აქვს გენადი ტიმჩენკოსთან, რომელიც იმდენად ახლოსაა პუტინთან რომ 2014 წელს აშშ-მ ერთ-ერთ პირველს დაუწესა სანქციები.

მიხელსონი Novatek-ის დაახლოებით მეოთხედს ფლობს, რომელიც რუსეთში გაზის უმსხვილესი არასახელმწიფო მწარმოებელი და ევროპის მთავარი მიმწოდებელია. ტიმჩენკო ამავე კომპანიაში 23.5%-ს ფლობს. მისი და ტიმჩენკოს ერთობლივი წილი კომპანიაში 50%-იან ზღურბლთან ახლოსაა, რომელსაც აშშ კომპანიებისთვის ფორმალური სანქციების დასაწესებლად იყენებს. 

რამდენიმე ფოლადის მაგნატი სანქციებს გადაურჩა მაშინაც კი, როცა ევროკავშირმა რუსული ფოლადის ზოგიერთი პროდუქტის იმპორტზე აკრძალვა დააწესა, რაც, სავარაუდოდ, რუსეთს $3,6 მილიარდის დაკარგულ საექსპორტო შემოსავლად დაუჯდება.

ლისინი, Novolipetsk Steel-ის თავმჯდომარე, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე $28 მილიარდს ფლობდა, კვლავ არ არის სანქცირებული. 8 მარტს ის ომის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს იყო ტრაგედია, რომელსაც გამართლება არ აქვს. აბრამოვიჩი, Chelsea-ს მფლობელი, აშშ-ს სანქციებს გაექცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონს სთხოვა არ დაეწესებინა მისთვის სანქციები, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებებში იღებს მონაწილეობას. ალექსანდრ აბრამოვი, აბრამოვიჩის დიდი ხნის ბიზნეს პარტნიორი, რომელიც Evraz-ის 19,3%-ს ფლობს, ასევე არსად არ არის სანქცირებული. Evraz-ი ჩრდილოეთ ამერიკაში ფართო ოპერაციებს აწარმოებს და ვაშინგტონში ლობისტებთან მუშაობს.

სასუქების მიწოდების მზარდმა ფასმა, შესაძლოა, ასევე დაარწმუნა დასავლეთი სანქციები აერიდებინათ სხვა საკვანძო მნიშვნელობის მილიარდერებისთვის. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ანდრეი გურიევი, PhosAgro-ს უმსხვილესი აქციონერი, რომელიც ევროპაში ფოსფატის სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია. ის ასევე იმ კომპანიის ბენეფიციარია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, $350 მილიონის ღირებულების Witanhurst House-ს ფლობს. Witanhurst House-ი სიდიდით მეორე კერძო რეზიდენციაა ლონდონში "ბაკინგემის სასახლის" შემდეგ. გურიევი სანქცირებული არ არის ევროკავშირში, თუმცა მისი შვილი, ანდრეი ა. გურიევი სანქცირებულია დიდ ბრიტანეთში, რამაც მას PhosAgro-ს აღმასრულებელი დირექტორის პოსტის დატოვება აიძულა.

იქნება მეტი სანქციები?

უკრაინაში შეჭრამ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის პოლიტიკა სანქციებთან დაკავშირებით შეცვალა. ისტორიულად, ბრიუსელი ყოველთვის მიჰყვებოდა ვაშინგტონს და 27 წევრს შორის კონსენსუსისთვის ბრძოლა უწევდა. ამჯერად ის ბევრად უფრო აგრესიული იყო. ასევე, დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოდ მოახდინა საკანონმდებლო ცვლილება, რომ სანქცირებულთა სიების მასობრივი განახლებები შესაძლებელი იყოს.

შედეგად, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რიგ რუს მილიარდერებს დაუწესეს სანქციები, რომლებიც აშშ-ის სანქცირებულთა სიაში ვერ მოხვდნენ. მათ სიაში არიან ანდრეი მელნიჩენკო EuroChem-ის დამფუძნებელი, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლის, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს.

ვიქტორ რაშნიკოვი, Magnitogorsk Iron & Steel Works-ის საკონტროლო წილის მფლობელი, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში სანქცირებულია, მაგრამ არა აშშ-ში. ასევეა Alfa Group-ის მილიარდერები - ფრიდმანი, პეტრ ავენი, გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი. აღსანიშნავია, რომ არცერთი მათგანი არ არის ჩართული რუსულ ექსპორტში, რომელიც გლობალური ბაზრებისთვის კრიტიკულად მიიჩნევა.

მილიარდერებს მიღმა, არსებობენ ნაკლებად ცნობილი, მაგრამ პოლიტიკურად დაკავშირებული ფიგურები, რომლებსაც სანქციები საერთოდ არ შეეხო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სტეფანი ბეიკერი და ტომი მალოუნი