მკაფიო ნიშნებია, რომ საქართველო იმ რამდენიმე ქვეყნის გვერდითაა, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა სურს,- ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით საქართველო ევროპისკენ თუ არ წავა, ჩრდილოეთში აღმოჩნდება.
„პირველი, მე ვიტყოდი, უნიკალური შემთხვევაა, როცა ევროპელები პროცესს აჩქარებენ, რომ მოხდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება და შემდეგ დაიწყოს მთავარი პროცესი, რასაც ევროკავშირის დირექტივების შესრულება ჰქვია. ამ პროცესში, პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა იყოს მონდომებული და მაკოორდინირებელი. ასევე აუცილებლად ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი და ზოგადად საზოგადოება. საზოგადოების კატეგორიული მოთხოვნა და შეკვეთა უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ.
ახლა ჩვენ სწორედ იმ გზაჯვარედინზე გავდივართ, რომელსაც მარცხნივ და მარჯვნივ გადასახვევი არ აქვს. ან მივდივართ პირდაპირ, რასაც ჰქვია გზა ევროპისკენ, ან ვჩერდებით, და ეს არის უკან დახევა, რაც იქნება ძლიერი დარტყმა ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის. უკან წასვლა, ჩრდილოეთისკენ სვლას ნიშნავს“, - აღნიშნა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
ზვიად ჭუმბურიძე ბიზნესსექტორს ურჩევს, რუსეთის ბაზრის ჩანაცვლებაზე აქტიურად იმუშაონ.
„შევეცადოთ, მოვძებნოთ ის პარტნიორები, სადაც ბიზნესების კეთება შეგვეძლება და არ ვიყოთ დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. არა მხოლოდ ბიზნესწრეებს, არამედ, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არის ერთი რუსეთი, რომელიც აგრესორია. ის ჩვენი ქვეყნის და არა მხოლოდ ჩვენი, ზოგადად დასავლური ღირებულებების მტერია. რაც უკრაინაში ხდება, ამის შემდეგ ერთი წუთითაც კი არ უნდა დაფიქრდე, შეიძლება თუ არა რუსეთთან თანამშრომლობა. ეს უნდა გამოვრიცხოთ და ვიფიქროთ იმაზე, როგორ ჩავანაცვლოთ რუსეთი“,- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.