LIVE

ევროკავშირი რუსული ნახშირის იმპორტის შეწყვეტას გეგმავს - ახალი სანქციები

05 აპრ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 855
ევროკავშირი რუსული ნახშირის იმპორტის შეწყვეტას გეგმავს - ახალი სანქციები

რუსული ძალების მიერ უკრაინაში აშკარა ომის დანაშაულების ჩადენის შემდეგ, ევროკავშირი დამატებით ზომებს მიმართავს და რუსეთიდან ნახშირის იმპორტის სავალდებულო ეტაპობრივ შეწყვეტას გეგმავს, რაც რუსეთს წელიწადში $4-მილიარდიან ზარალს მოუტანს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.   

ნახშირის, ხის, ქიმიკატებისა და სხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვა შესულია სანქციების ახალ პაკეტში, რომლის ამოქმედებასაც ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს დღეს შესთავაზებს. 

"ეს სისასტიკე არ შეიძლება და არ დარჩება უპასუხოდ",- თქვა ფონ დერ ლაიენმა.

სანქციების დამტკიცების შემთხვევაში, ნახშირის აკრძალვა იქნება ევროკავშირში რუსეთიდან ენერგეტიკული იმპორტის რაიმე ფორმით აკრძალვის პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა. 

მედიის ინფორმაციით, ნახშირის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას მხარს დაუჭერს გერმანიაც, რომელმაც რუსეთიდან ენერგეტიკული რესურსების იმპორტის აკრძალვის წინადადებებს ბლოკავდა. 

რუსეთი ამარაგებს კონტინენტის თერმული ნახშირის დაახლოებით ნახევარს. მას ბლოკი ელექტროსადგურების საწვავად და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებს. 

სანქციების პაკეტი ასევე კრძალავს ევროკავშირში რუსული სატვირთო მანქანებისა და გემების უმეტესობის შესვლას. გამონაკლისია, სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ჰუმანიტარული დახმარებისა და ენერგეტიკის გადაზიდვა.  

სანქციები ასევე მოიცავს ოთხ მთავარ რუსულ ბანკში, მათ შორის, VTB-ში, ტრანზაქციების სრულ აკრძალვას.

ევროკავშირი ამჟამად ნავთობსა და გაზზე სანქციების ამოქმედებას არ განიხილავს. საკითხზე ბლოკის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. 

"ვმუშაობთ დამატებით სანქციებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტზე და ვიფიქრებთ წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილ ზოგიერთ წინადადებაზე, როგორიცაა გადასახადები ან გადახდის კონკრეტული არხები, მაგალითად, Escrow-ს ანგარიში",- თქვა ფონ დერ ლეიენმა. 

სანქციების პაკეტის დამტკიცებას და ნახშირის იმპორტის აკრძალვას 27-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.  

ევროკავშირის ლიდერებმა უკვე დაუჭირეს მხარი 2027 წლისთვის რუსეთის ყველა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების ეტაპობრივად შეწყვეტას.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი და ხორხე ვალერო