ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში,- ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით ბიზნესს შესაბამისი შეთავაზებათა პაკეტი მომავალ კვირას წარედგინება.
„რამდენიმე დღეში შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ მოდელს და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში მექნება საშუალება, რომ ეს შეთავაზება გავუკეთო ბიზნესს, იმისთვის, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობას.
წლიდან წლამდე გვეზრდება ჩვენ ელექტროენერგიის მოთხოვნა. მოხმარება იზრდება, ამ დროს გენერაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას და მოხმარებას, რაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას და ზოგადად, ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტში $21.6 მილიონი გადაიხადა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, იმპორტის 67.2% (513 მლნ კვტ/სთ) რუსეთიდან განხორციელდა. 2021 წელს ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 25%-ით იყო გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში თურქულმა კომპანია ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და ნამახვანჰესის პროექტიდან გავიდა, რასაც წინ მოსახლეობის ნაწილის ხანგრძლივი პროტესტი და ინვესტორისთვის მუშაობაში ხელის შეშლა უძღოდა.