LIVE

ბაიდენის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი შემცირდა

01 აპრ 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 953
ბაიდენის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობის ფასმა ყველაზე დიდი კლება განიცადა ორი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გასცა ბრძანება სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის უპრეცედენტო გამოშვების შესახებ.

ამ დროისთვის Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი $104.81-ს შეადგენს.

აშშ ექვსი თვის განმავლობაში დღეში 1 მილიონი ბარელის გამოშვებას გეგმავს. ბაიდენის თქმით, მოელის, რომ მოკავშირეები ასევე შეთანხმდებიან მეტი ნავთობის გამოშვებაზე საკუთარი მარაგებიდან.

Citigroup-ის თქმით, აშშ-მა გადადგა ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს დაპირებული მოცულობების მიწოდება, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასოდეს აუღია ამ მოცულობის ნავთობი სარეზერვო მარაგებიდან.

Goldman Sachs-მა შეამცირა ფასების პროგნოზი მიმდინარე წლისთვის, მაგრამ გაზარდა 2023 წლის შეფასება და ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი არ გადაჭრის მიწოდების გრძელვადიან კრიზისს. 

ჯო ბაიდენის ეს ნაბიჯი მოჰყვა ამერიკულ ბენზინზე ფასების ზრდას და შეშფოთებას მიწოდების დეფიციტის შესახებ უკრაინაში რუსეთის ომის გამო. კონფლიქტმა დააზარალა გლობალური სასაქონლო ბაზრები და გაზარდა ყველაფრის ფასი, საკვებიდან საწვავამდე. ამან ასევე გამოიწვია ნავთობის ტურბულენტური ვაჭრობა მასიური შიდადღიური რყევებით მთელი მარტის განმავლობაში. გასულ თვეში WTI $37-იან დიაპაზონში ვაჭრობდა. 

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ნავთობის გამოშვება ეწინააღმდეგება OPEC+-ის პოლიტიკას, რომელმაც კურსს არ გადაუხვია და დაამტკიცა მოპოვების დაგეგმილი მოკრძალებული ზრდა დღეში დაახლოებით 430,000 ბარელით.

შეერთებულმა შტატებმა უკვე ორჯერ გამოიყენა რეზერვები ბოლო ექვს თვეში, მაგრამ ამან ფასებზე მცირედი გავლენა მოახდინა. ამჯერად, შესაძლოა ბაზარს მიეწოდოს დამატებით 180 მილიონი ბარელი და ბაიდენი მოკავშირეებისგან ელის კიდევ 30-დან 50 მილიონ ბარელამდე მიწოდების ზრდას.

31 მარტის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა $107,91 დოლარი/ბარელზე. ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა $100,28.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ელიზაბეტ ლოუ და ალექს ლონგლი