LIVE

რუსეთის დეფოლტის შემთხვევაში კრედიტორები ფულს ვერ დაიბრუნებენ - იურისტი

01 აპრ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 852
რუსეთის დეფოლტის შემთხვევაში კრედიტორები ფულს ვერ დაიბრუნებენ - იურისტი

სუვერენული ვალის დავებში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური იურისტის, ჯეი ოსლანდერის თქმით, თუ რუსეთი დეფოლტს გამოაცხადებს, რუსული სამთავრობო ობლიგაციების მფლობელებს ფულის დასაბრუნებლად არანაირი გზა არ დარჩებათ.

ოსლანდერი, რომელიც 2016 წელს არგენტინის კრედიტორებთან მუშაობდა, თვლის, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებამდე დეფოლტის სასამართლოში გასაჩივრება ნაყოფიერი არ იქნება.

"ობლიგაციების მფლობელების ანაზღაურება მთლიანად დამოკიდებულია ამ კონფლიქტის გადაწყვეტაზე და რუსეთის მსოფლიო სცენაზე დაბრუნებაზე",- განაცხადა მან Bloomberg News-თან ინტერვიუში.

რუსეთი ამ დრომდე ასრულებს ყველა თავის ვალდებულებას ობლიგაციებთან დაკავშირებით და ადასტურებს, რომ აპირებს $2 მილიარდის ობლიგაციების გადახდას, რომელსაც ვადა 4 აპრილს გასდის. პარალელურად, ქვეყანა რუბლში გამოსყიდვის შეთავაზებას აკეთებს, რათა შიდა ობლიგაციების მფლობელებს ხელი შეუწყოს. თუმცა, დეფოლტის რისკი ისევ არსებობს, რადგან დასავლურმა სანქციებმა ქვეყანა ფინანსური სისტემიდან მოკვეთა და ზიანი მიაყენა მოსკოვის შესაძლებლობას გადაუხადოს კრედიტორებს დროულად.

ადვოკატი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ობლიგაციების მფლობელებისთვის უფრო რთული იქნება ფულის უკან დაბრუნება, თუ მოსკოვი არ გადაწყვეტს რომ ინვესტორებთან შეთანხმება მის ინტერესებში შედის.

უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ რუსეთს უჩივლონ და ობლიგაციების დაუყოვნებელი დაფარვა მოითხოვონ, მაგრამ თანხის დაბრუნება, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს. თუ რუსეთი მომავალში დეფოლტს აირჩევს ან სანქციები ვალის გადახდას შეუძლებელს გახდის, ობლიგაციების მფლობელებს რთული ბრძოლა მოუწევთ სასამართლოში, რათა რუსეთთან დაკავშირებული აქტივები მოითხოვონ, რადგან ისინი შეიძლება სუვერენული იმუნიტეტით იყოს დაცული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სელჩუკ გოკოლუკი