LIVE

წელს საშუალო ინფლაცია 8.1% იქნება - Galt & Taggart

30 მარ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 476
წელს საშუალო ინფლაცია 8.1% იქნება - Galt & Taggart

Galt & Taggart-მა ინფლაციის პროგნოზი გააუარესა და ელის, რომ წელს ქვეყანაში საშუალო წლიური ინფლაცია 8.1% იქნება. აქამდე ორგანიზაცია 5%-იან მაჩვენებელს პროგნოზირებდა.

შესაბამისად, Galt & Taggart-ში ელიან, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტლამდე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება და შესაძლოა, მაის-ივნისის პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი 0.5-1 პროცენტული პუნქტის ფარგლებში გაიზარდოს. შემცირება კი მეოთხე კვარტალშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება უახლოეს თვეებში ინფლაციაზე მოქმედ ფაქტორებს, Galt & Taggart-ი მიუთითებს, რომ საქონელზე გლობალურად გაზრდილი ფასები და მიწოდების ჯაჭვის პრობლემები ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს, ხოლო საპირისპიროდ, სუსტი შიდა მოთხოვნა და ლარის შედარებითი სტაბილურობა ფასებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. ამასთან, მთავრობის მიერ გარკვეულ პროდუქტებზე სუბსიდირების დაანონსებამ შესაძლოა, ფასების ზრდა შეაფერხოს.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველოში ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. სებ-ში აცხადებენ, რომ 2022 წელს ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას საწვავის ფასების მკვეთრი მატება მოახდენს. მაღალი ინფლაციის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე გაზარდა.

შეგახსენებთ, უკვე 8 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება. „საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა.