LIVE

აშშ რუს კანონმდებლებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს

24 მარ 202218:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 473
აშშ რუს კანონმდებლებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს
Oliver Contreras/The New York Times/Bloomberg

შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი რუსული ელიტის, კანონმდებლებისა და თავდაცვის კომპანიების მიმართ. 

აშშ დააწესებს სანქციებს 400-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ერთეულზე, მათ შორის დუმის 328 წევრის, რუსული ელიტის ათზე მეტი წარმომადგენლისა და თავდაცვის 48 კომპანიის წინააღმდეგ.

“ვაცხადებ დამატებით სანქციებს რუსული ელიტის, საკანონმდებლო ორგანოს 400-ზე მეტი წარმომადგენლისა და თავდაცვის კომპანიებზე უკრაინაში ომის საპასუხოდ. ისინი პირადად იღებენ სარგებელს კრემლის პოლიტიკიდან და უნდა გაიზიარონ ტკივილი”, - დაწერა ბაიდენმა Twitter-ზე. 

სანქციები შეეხება Sberbank-ის ხელმძღვანელს და ვლადიმერ პუტინის მრჩეველს, ჰერმან გრეფს, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს, მის კომპანიებსა და ოჯახის წევრებს, ასევე რუსული ფინანსური ინსტიტუტის, Sovcombank-ის გამგეობის 17 წევრს. 

თეთრი სახლის ცნობით, თავდაცვის კომპანიებს შორისაა რუსული ვერტმფრენები, ტაქტიკური რაკეტების კორპორაცია, მაღალი სიზუსტის სისტემები, NPK Tekhmash OAO და Kronshtadt. 

სავარაუდოდ, დღესვე გამოცხადდება ევროკავშირის ქვეყნებთან შეთანხმება რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად. აშშ და ევროკავშირი მუშაობენ შეთანხმებაზე, რათა უზრუნველყონ ამერიკული ბუნებრივი გაზისა და წყალბადის მიწოდება ევროპის ქვეყნებში, იტყობინება Bloomberg News-ი.

G-7-ის ლიდერები შეთანხმდნენ სანქციების აღსრულების კოორდინაციის ინიციატივაზე, რათა ქვეყნებმა ერთობლივად უპასუხონ ზომების თავიდან აცილების ნებისმიერ მცდელობას. ეს ნაბიჯები მოიცავს რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ოქროთი ტრანზაქციების აკრძალვას და მოწოდებას, შეეზღუდოს რუსეთს წვდომა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სესხებზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯენი ლეონარდ, ჯორდან ფაბიანი და ჯოშ ვინგროვი