LIVE

ბრიტანეთი სანქციებს Alfa Bank-ს, Gazprombank-სა და ლავროვის გერს უწესებს

24 მარ 202216:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1089
ბრიტანეთი სანქციებს Alfa Bank-ს, Gazprombank-სა და ლავროვის გერს უწესებს

გაერთიანებული სამეფო სანქცირებულთა მორიგი სია გამოაქვეყნა. შეზღუდვები ეხება რუსეთის ბანკებს, ბიზნეს სუბიექტებსა და ელიტის არაერთ წევრს. 

ჯამში სანქციები 59 რუსულ და 6 ბელორუსულ კომპანიასა და ფიზიკურ პირზე ვრცელდება. მათ შორისაა Alfa Bank და Gazprombank, სახელმწიფო გადაზიდვის ფირმა Sovcomflot, კერძო სამხედრო კონტრაქტორი Wagner Group და Alrosa, ალმასის უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, რომლის საბაზრო ღირებულება $6,61 მილიარდია. 

სანქცირებულთა შორისაა პოლინა კოვალევა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გერი. მთავრობამ განაცხადა, რომ იგი ფლობს 4 მილიონ ფუნტად შეფასებულ ქონებას ლონდონში. ჩანაწერების თანახმად, ის ცხოვრობს კენსინგტონის რაიონში, რომელიც ცნობილია თავისი პარკებით, ძვირადღირებული მაღაზიებითა და მუზეუმებით. დოკუმენტების მიხედვით, მან ქონება 2016 წელს, იპოთეკის გარეშე იყიდა. 

კიდევ ერთი პირი, რომელიც ბრიტანეთის სამიზნე იქნება, არის გერმან გრეფი, რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის აღმასრულებელი დირექტორი.

"პუტინს არ უნდა ჰქონდეს ილუზიები - ჩვენ ერთიანები ვართ ჩვენს მოკავშირეებთან და გავაგრძელებთ ჭანჭიკის მოჭერას რუსეთის ეკონომიკისთვის, რათა უზრუნველვყოთ მისი მარცხი უკრაინაში. დანებება არ იქნება",- აცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი. 

Gazprombank რუსული ნავთობისა და გაზის გადახდების ერთ-ერთი მთავარი არხია.  Alfa-Bank კი არის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი კერძო კრედიტორი, რომელსაც აკონტროლებს მიხაილ ფრიდმანი პარტნიორებთან ერთად. თავად ფრიდმას ბრიტანეთმა სანქციები მიმდინარე თვის დასაწყისში უკვე დაუწესა. 

ოთხ სხვა ბანკთან ერთად, მათი აქტივები დაექვემდებარა გაყინვა, რაც მათ ბლოკავს ბრიტანეთში არსებული ნებისმიერი სახის რესურსზე წვდომისგან და ხელს უშლის ბრიტანულ ფირმებთან ბიზნესის წარმოებაში.

Sovcomflot-ს სანქციებმა, შეიძლება გაურთულოს ხარჯების დაფარვა,  რასაც, სავარაუდოდ, ინდუსტრიაზე უფრო ფართო გავლენა ექნება. ის აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ სუბიექტებს შორისაცაა. 

სანქციები ასევე შეეხო რუსეთის რკინიგზას და რუსული დრონების მთავარ მწარმოებელ კომპანია Kronshtadt-ს. 

ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქცირებული რუსული ბანკების მთლიანი აქტივების ღირებულება 500 მილიარდი ფუნტია ($658,65 მილიარდი), ხოლო ოლიგარქებისა და ოჯახის წევრების წმინდა ქონება - 150 მილიარდ ფუნტზე მეტი. 

სანქცირებულ სხვა პირებს შორის იყვნენ ნავთობის მაგნატი ევგენი შვედლერი და Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვი.