LIVE

Gazprom, Sberbank - რუსეთის საფონდო ბირჟაზე მხოლოდ 33 კომპანიის აქციაა აქტიური

24 მარ 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1069
Gazprom, Sberbank - რუსეთის საფონდო ბირჟაზე მხოლოდ 33 კომპანიის აქციაა აქტიური
Bloomberg

რუსეთის საფონდო ბირჟა ხუთშაბათს ნაწილობრივ ხელახლა გაიხსნა, რაც რეკორდული ხანგრძლივობის დახურვას ასრულებს.

ვაჭრობა ხუთშაბათს დილის 9:50 საათზე მოსკოვში შემცირებული ოთხსაათიანი სესიით გაიხსნა. ბირჟაზე მხოლოდ 33 კომპანიის აქციაა აქტიური, მათ შორის Gazprom-ის და Sberbank-ის აქციები. თუმცა, უცხოელებს აქციების გაყიდვის უფლება არ აქვთ, რადგან ძალაშია აკრძალვა, რომელსაც ვადა 1 აპრილამდე აქვს. ასევე, ნებადართული არ იქნება ე.წ. მოკლე გაყიდვები.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როცა რუსეთში ბოლოს აქციებით 25 თებერვალს ივაჭრეს, ის მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა. ამასთან, სერიოზული დარტყმა მიიღო რუბლმა. პროგნოზის თანახმად, წარმოება ქვეყანაში ორნიშნა შემცირებას განიცდის. ამას ემატება მძლავრი ინფლაცია, რის შედეგადაც, შესაძლოა, მთავრობის აგრესიული ზომების მიღების სერია აქტივების გაყიდვის ზეწოლის დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდეს.

რუსეთის საფონდო ბირჟის სტანდარტული ამომრთველები ადგილზეა. თუ MOEX Russia Index-ი 10 წუთის განმავლობაში 15%-ზე მეტით შეიცვლება, ვაჭრობა შეჩერდება და დისკრეციული აუქციონით ჩანაცვლდება. ცალკეულ აქციებს ექნებათ 20%-იანი ბარიერი. ბირჟაზე აქტიურები არიან მხოლოდ ის აქციები, რომლებსაც პირველადი ლისტინგი რუსეთში აქვთ, რაც ნიშნავს, რომ Yandex-ი, TCS Group Holding-ი, Ozon Holdings-ი და სხვა კომპანიები, რომლებსაც ძირითადი ლისტინგი საზღვარგარეთ აქვთ, არ ვაჭრობენ.

რუსეთის მარეგულირებლების მცდელობის მიუხედავად, საფონდო ბირჟის ხელახალი შეზღუდული გახსნაც კი აუცილებლად ქაოსური იქნება. ევროპულმა კომპანიებმა, რომლებსაც ქვეყანაში რისკებს დაქვემდებარებული ინვესტიციები აქვთ, $100 მილიარდზე მეტი საბაზრო ღირებულება დაკარგეს მას შემდეგ, რაც ომის რისკები გაიზარდა.

MOEX ინდექსის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დახურვამდე $451 მილიარდი იყო. იმის ფონზე, რომ ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის აქტივების დაახლოებით ორი მესამედი გაყინულია, გაურკვეველია, როგორ შეძლებს რუსეთის მთავრობა ამ თანხებზე წვდომის მოპოვებას და ბაზრის გასააქტიურებლად მათ კონვერტაციას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ქსენია გალუჩკო