LIVE

Wall Street-ი მოსკოვიდან გასვლას ცდილობს - სასწორზე მილიარდები დევს

27 მარ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1313
Wall Street-ი მოსკოვიდან გასვლას ცდილობს - სასწორზე მილიარდები დევს
Bloomberg

ათწლეულების განმავლობაში, გლობალური ფინანსური კომპანიები სიამოვნებით ემსახურებოდნენ რუსულ ფირმებს, მილიარდერებს და მთავრობას. თუმცა, შემდეგ რუსულმა ტანკებმა უკრაინაში შესვლა დაიწყეს.

Citigroup-მა, რომელსაც რუსეთში ათასობით თანამშრომელი და მილიარდობით დოლარის აქტივები აქვს, განაცხადა, რომ ქვეყანაში საქმიანობის ძირითად ნაწილს შეწყვეტდა. Goldman Sachs-მა, JPMorgan-მა და Deutsche Bank-მა ასევე გადაწყვიტეს რუსეთის დატოვება, ზოგიერთი ფინანსისტი სხვა ჰაბებში გადადის სამუშაოდ, როგორიცაა, მაგალითად, დუბაი.

თუმცა, ტრეიდერებს რუსული აქციები და ობლიგაციები შერჩათ ხელში, რომელთა გადანაცვლება შეუძლებელია, ხოლო მათთან დაკავშირებული დერივატივები გაურკვევლობაშია დარჩენილი. რუსი მილიარდერების კერძო ბანკირები უმოქმედოდ სხედან, როცა მათ კლიენტებს ლონდონის სასახლეების დამლაგებლებისთვის ხელფასის გადახდა უჭირთ.

ფინანსური ინდუსტრიისთვის სასწორზე მილიარდობით დოლარი დევს. Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, ათამდე კრედიტორს, მათ შორის Raiffeisen Bank-ს, Citigroup-სა და Deutsche Bank-ს რუსეთში $100 მილიარდამდე აქვთ დასაკარგი. თუმცა, ფირმების მტკიცებით, მათ ბალანსებს ადვილად შეუძლიათ ნებისმიერი დარტყმის გადატანა.

ბილ ბაუდერი, რუსეთის უცხოელ ინვესტორთაგან ერთ-ერთი და ახლა უკვე ვლადიმერ პუტინის ცნობილი კრიტიკოსი, ამბობს, რომ საინვესტიციო ბანკები კრიტიკულ როლს ასრულებენ რუსული ფულის დანარჩენ მსოფლიომდე მიტანაში.

ერთ-ერთი მაგალითი რუსეთისა და გლობალური ბანკების კომპლექსური ურთიერთობების ბადეში LetterOne-ია, რუსი სანქცირებული მილიარდერების, მიხაილ ფრიდმანის და პეტრ ავენის საინვესტიციო ფირმა. მაგალითისთვის, HSBC Holdings-ის ჰეჯ ფონდების ფონდს 2020 წლის ბოლოს LetterOne-ის $547 მილიონი ჰქონდა, Blackstone-ს კი $435 მილიონი. Pamplona Capital Management-მა, რომელიც LetterOne-ის $3 მილიარდს მართავს, უკვე დაიწყო ფულის უკან დაბრუნება.

Goldman Sachs-ის ყოფილ ბანკირს გეორგი ეგოროვს Wall Street-ის რუსეთთან კავშირები ეხამუშება. მან ბანკს LinkedIn-ის პოსტში მოუწოდა ქვეყნის დატოვებისკენ, რომელიც მანამდე გამოქვეყნდა, სანამ ფირმა რუსეთის დატოვების შესახებ 10 მარტს გამოაცხადებდა.

კონსულტანტები, ადვოკატები და აუდიტორები ასევე ტოვებენ რუსეთს, თუმცა ეს რთული პროცესია. ოთხ მსხვილ აუდიტორულ კომპანიას, Deloitte-ს, KPMG-ის, PwC-ს და Ernst & Young-ს მოუწევთ კავშირი გაწყვიტონ რუსულ და ბელარუსულ წევრ ფირმებთან, რომლებსაც ადგილობრივი პარტნიორები ფლობენ. რუსულ კომპანიებს შეუძლიათ კლიენტებთან მუშაობა განაგრძონ, მაგრამ ამ ფირმების გლობალურ ქსელთან წვდომა აღარ ექნებათ.

Harvard-ის ბიზნეს სკოლის უფროსი ლექტორის, აშიშ ნანდას თქმით, დაშორების პროცესი სწრაფი არ იქნება და სავარაუდოდ გართულდება. მაგალითად, რა მოხდება, თუ რუს კლიენტს, რომელიც ახლა სანქციებს ექვემდებარება, ეყოლება შვილობილი კომპანია მექსიკაში, რომელიც სანქციებს არ აწესებს? ან რა მოხდება, თუ რუსი ბუღალტრები მეზობელ ყაზახეთში დაიწყებენ მუშაობას?

ამასთან, მენეჯმენტის კონსულტანტები და იურიდიული ფირმები ასე მარტივად ვერ იტყვიან უარს რუსულ ოპერაციებზე. ბიზნესებს, McKinsey-ის, Bain-ის Linklaters-ის, Freshfields Bruckhaus Deringer-ის და DLA Piper-ის ჩათვლით, მოუწევთ მათი რუსი პარტნიორების, თანამშრომლებისა და არსებული ვალდებულებების მხარდაჭერის სახელმწიფო ურთიერთობებთან ბალანსირება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, McKinsey-მ თავდაპირველად განაცხადა, რომ მხოლოდ რუსეთის სამთავრობო უწყებებთან მუშაობას შეწყვეტდა. ოთხი დღის შემდეგ, ფირმა უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ შეწყვეტდა მუშაობას და აღარ მიიღებდა ახალ კლიენტებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორგანიზაციებიდან. თუმცა, კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მისი ოფისი მოსკოვში ღია დარჩებოდა. McKinsey-ის კონკურენტებმა Bain-მა და Boston Consulting Group-მა იგივე მიდგომები გაიზიარეს.

იურიდიული კონსულტანტის, ტონი უილიამსის მიხედვით, პროფესიული სერვისების ფირმებს, რომლებიც რუსეთში მუშაობას აგრძელებენ, საბოლოოდ ორი არჩევანი აქვთ. უილიამსის თქმით, მათ შეუძლიათ დახურონ ყველაფერი ან გადასცენ ბიზნესი ადგილობრივ პარტნიორებს. ასევე, განაცხადონ, რომ დროებით იხურებიან, მაგრამ არ დაბრუნდებიან, სანამ რეჟიმი არ შეიცვლება.

ომის მეორე თვეში გადასვლის ფონზე მცირე შანსია, რომ სიტუაცია მალე შეიცვალოს. ასე რომ, მათთვის, ვინც რუსი კლიენტების მომსახურების სფეროში მუშაობს, შესაძლოა, კარიერის შეცვლის დრო იყოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჰარი უილსონი და მეთიუ ბოილი