არყისა და სხვა სპირტიანი სასმელების მწარმოებელმა ქართულმა კომპანია „ანასეულმა“ რუსული ბაზარი გერმანულით ჩაანაცვლა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის დირექტორმა გენო ხუჭუამ განუცხადა, ვაშლის, მსხლის, ატმისა და ხურმისგან დამზადებული არყების პირველი 2 ათასი ბოთლი გერმანიაში უკვე გაიგზავნა.
„ჩვენი წარმოება ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული. გაყიდვების 65% ექსპორტზე, ხოლო 35% ადგილობრივ ბაზარზე მოდის. რუსულ ბაზარს ჩვენი გაყიდვების 50% ეკავა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ვითარება შეიცვალა და ახალი ბაზრების მოძიება მოგვიხდა. ჩვენი პროდუქციის პირველი პარტია უკვე გავაგზავნეთ გერმანიაში. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში სხვა ალტერნატივის მოძიებასაც შევძლებთ. გვაქვს მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან, თუმცა ლოჯისტიკა გართულებულია და ვნახოთ რა გამოვა“,- განაცხადა გენო ხუჭუამ.
როგორც „ანასეულში“ განმარტავენ, რუსეთში პროდუქციის საექსპორტო ფასი დაახლოებით $3.5 დოლარი იყო ხოლო, გერმანიის შემთხვევაში, საექსპორტო ფასი $4.5 დოლარია.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 2 თვეში საქართველომ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.6%-ით ნაკლები, $637.4 ათასის ღირებულების არაყი გაყიდა.