გავლენიანი გამოცემა New York Times წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთი ათიათასობით ადამიანმა დატოვა. მათი ნაწილი კრემლის მოქმედების გამო, აღშფოთებულია, ზოგი გაწვევას გაურბის, ზოგსაც საარსებო წყაროს გარეშე დარჩენა ან ქვეყნის საზღვრის დაკეტვა აშინებს. რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, საქართველოს თავი ათიათასობით რუსმა შეაფარა.
მაშინ, როცა ომის შედეგად დაახლოებით 3 მილიონი უკრაინელის მიერ ქვეყნის დატოვებამ მსოფლიოს ყურადღება მზარდ ჰუმანიტარულ კრიზისზე გადაიტანა, რუსეთში ავტორიტარიზმის გაღრმავებამ ბევრი რუსი სასოწარკვეთაში ჩააგდო.
შექმნილი ვითარება ზოგს 1920 წელს ახსენებს, როდესაც რუსეთის სამოქალაქო ომის დროს კომუნისტი ბოლშევიკების 100000-ზე მეტი მოწინააღმდეგე გაემგზავრა თავშესაფრის საძებნელად მაშინდელ კონსტანტინოპოლში.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის რუსი ეკონომისტი კონსტანტინე სონინი ამბობს, რომ მშვიდობის დროს ასეთი რამ ამ დრომდე არასდროს მომხდარა.
New York Times წერს, რომ რუსეთიდან გაქცეულებს შორის არიან ბლოგერები, ჟურნალისტები ან აქტივისტები, რომლებსაც ემუქრება პატიმრობა რუსეთის ახალი დრაკონული კანონის მიხედვით, რომელიც დანაშაულად მიიჩნევს ყველაფერს, რასაც სახელმწიფო ომის შესახებ "ცრუ ინფორმაციად" მიიჩნევს. ნაწილი მხატვარი ან მუსიკოსია, რომელიც რუსეთში მომავალს ვეღარ ხედავს. ასევე, ამ ხალხს შორის არიან ტექნიკის, სამართლისა და სხვა ინდუსტრიების მუშები, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ კომფორტული, საშუალო კლასის ცხოვრების პერსპექტივა ერთ ღამეში დაიმსხვრა (რომ აღარაფერი ვთქვათ ხელისუფლებასთან მორალურ შეუთავსებლობაზე).
რა თქმა უნდა, ბევრი რუსი მხარს უჭერს ომს და ამ მხარდამჭერთაგან ბევრმა სრულიად არ იცის რუსეთის აგრესიის მასშტაბი, რადგან ისინი ინფორმაციას რუსული სახელმწიფო ტელევიზიისგან იღებენ.
გამოცემა წერს, რომ საქართველოში, სადაც, როგორც მთავრობა ამბობს, ომის დაწყებიდან 20 000 რუსი ჩავიდა, მათ საშინელი გარემო შეექმნათ. რუსებს ანტირუსული წარწერებითა და სოციალურ მედიაში მტრული კომენტარებით ხვდებიან.
"ვცდილობდით აგვეხსნა, რომ რუსები და პუტინი არ არის ერთი და იგივე - ჩვენც გვძულს პუტინი“, - ამბობს Memorial International-ის აქტივისტი ლეილა ნეპესოვამ. მისი უფლებადამცველი ჯგუფი კრემლმა ახლახან დაიხურა. 26 წლის ნეპესოვა საქართველოში ერთი კვირის წინ ჩამოვიდა.
ის გამოცემასთან იხსენებს ტაქსის მძღოლის რეაქციას, რომელმაც დაუყვირა და უთხრა, რომ ისინი ოკუპანტები არიან და საქართველოში რუსები სძულთ. აქტივისტის თქმით, მისთვის ასეთი დამოკიდებულება გასაგებია.
ბევრი ქართველი აშკარა პარალელს ხედავს რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომს შორის. და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ახალ ჩამოსულებს მიესალმება, ზოგი არ განასხვავებს რუს დისიდენტს, ვინც რუსეთიდან უსაფრთხოების ან მორალური მიზეზების გამო გარბის და მათ, ვინც პუტინს მხარს უჭერს.
New York Times ასევე წერს, რომ "საქართველოს ბანკმა" მოითხოვა, რომ ახალმა რუსმა კლიენტებმა ხელი მოაწერონ განცხადებას, რომელიც გმობს პუტინის აგრესიას და აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას. ეს პრობლემური მათთვის, ვისაც რუსეთში დაბრუნების იმედი აქვს.
ზოგიერთი ქართველი ბინის გამქირავებლებს მოუწოდებთ, რუსები არ მიიღონ.
"თქვენი ხელები ჭუჭყიანია, თითოეული თქვენგანი. რატომ ყიდით ამ ყველაფერს? სისხლის რა ფასად?”, - ვიდეოს მეშვეობით მიმართა თანამემამულეებს, ბანკებსა და პოლიტიკოსებს ქართველმა მებრძოლმა ნოდარ ყარალაშვილმა, რომელიც ამჟამად მოხალისედ მსახურობს უკრაინაში.
რუსები ამბობენ, რომ უკეთ ხვდებიან საქართველოს მეზობელ სომხეთში, სადაც ყოველდღიურად რამდენიმე ათასი რუსი ჩადის.