
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორი კვირის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა ვლადიმერ პუტინის 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე უარეს ვარდნას განიცდის.
Bloomberg Economics-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც უკვე მიყენებული ზიანის ერთ-ერთი პირველი შეფასებაა, ქვეყანაში გამოშვება 2%-ით შემცირდა, რაც პანდემიური 2020 წლის მთლიან წლიურ ვარდნას უტოლდება.
ეს ნიშნავს, რომ რუსეთის წლიური მშპ-დან, გასული წლის ფასებზე დაყრდნობით, $30 მილიარდი გაქრა. Bloomberg Economics-ის თავდაპირველი პროგნოზით, რუსეთის მშპ 2022 წელს დაახლოებით 9%-ით შემცირდება.
ამავდროულად, ქვეყანა ინფლაციის ყველაზე დიდი ზრდისკენ მიემართება. დეფიციტის რისკი მთავრობას აიძულებს ექსპორტზე შეზღუდვები დააწესოს.
Bloomberg Economics-ის აქტივობის მაჩვენებელი ავლენს, რომ ომის პირველ დღეებში ქვეყნის კოლაფსი Covid-19-ის შოკის და გლობალური ფინანსური კრიზისის დროინდელ ვარდნას წააგავს. 2009 წელს რუსეთის ეკონომიკა 8%-ით შემცირდა.
რაც შეეხება მომავალი წლის პერსპექტივას, მოლოდინები ეკონომისტებს შორის განსხვავდება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ღრმა რეცესიას და 15%-იან შემცირებას ელის. JPMorgan-ი და Goldman Sachs-ი ეკონომიკის 7%-იან შემცირებას ვარაუდობენ.
Bank of America-ს საბაზისო პროგნოზის მიხედვით, რუსეთის ეკონომიკა წელს დაახლოებით 13%-ით შემცირდება. ბანკის ვარაუდით, თუ რუსეთიდან ენერგიის შესყიდვები შეჩერდება, უფრო ღრმა კლებაც შესაძლებელია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია