LIVE

პურის გაძვირების შემთხვევაში, სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება - სილაგავა

16 მარ 202213:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 531
პურის გაძვირების შემთხვევაში, სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება - სილაგავა

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის. მისი განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო მზადაა, სუბსიდირების პროგრამა აამოქმედოს.  

სილაგავას თქმით, ხორბლის მოძიება სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარეობს.

„ყაზახეთიდან, ახლა, დაახლოებით, 10 ათასი ტონა ხორბალი მოდის. კიდევ 10 ათასი ტონის გამოგზავნის მიზნით კონტრაქტი ხელმოსაწერად მზად არის.

მეპურეებმა განაცხადეს, რომ ფქვილის, დაახლოებით, ერთთვიანი მარაგი აქვთ. ჩვენ გვაქვს ხორბლის ერთთვიანი მარაგი. ეს მაჩვენებლები გაეროს რეკომენდაციაში ჯდება. შესაბამისად, ხარჯვის პარალელურად, მარაგები უნდა შეივსოს. ეს მოხდება ყაზახეთიდან. ასევე განიხილება რუმინეთი. გრძელვადიან პერსპექტივაში კი განიხილება ამერიკის შეერთებული შტატები. აქ უკვე თავად სახელმწიფო ელაპარაკება სახელმწიფოს. თუ ერთი თვის, ან თვე-ნახევრის შემდეგ, ხორბლისა და ფქვილის ღირებულება პურის ფასზე იმოქმედებს, სახელმწიფო აამუშავებს სუბსიდირების პროგრამას, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. მათ ამის შესახებ შეხვედრებზე განაცხადეს. შესაბამისად, პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის“,- აღნიშნა ლევან სილაგავამ.

„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, პირველი ივნისიდან საქართველო ხორბლის ახალ მოსავალს აიღებს, რაც ქვეყანას 2 თვიანი მარაგის გაკეთებაში დაეხმარება და ვითარებას უფრო დააბალანსებს.