საქართველოში მობილური ბაზრის არაკონკურენტულობა საბოლოოდ, ბაზრის ერთადერთ მონაწილეს, "მაგთიკომს" ბრალდება. ყოველ შემთხვევაში, ამას მოწმობს ის განცხადება, რომელსაც კომუნიკაციების კომისია მის მიერ დაქირავებულ "ევროპელ ექსპერტებზე" დაყრდნობით ავრცელებს.
კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპელმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარი არაკონკურენტულია და განიცდის სტაგნაციას იმის გამო, რომ კონკრეტულად „მაგთიკომი“ მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობს როგორც ბაზრის წილების, ასევე აბონენტების და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რაც ზრდის ბაზარზე შესვლის ბარიერებს და აფერხებს კონკურენციას.
კერძოდ, კომისიის და მის მიერ დაქირავებული ექსპერტების მიერ არგუმენტებად მოყვანილია შემდეგი გარემოებები:
- მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო 5 წლის განმავლობაში უცვლელია
- აბონენტების მთლიანი რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 10%-ით, ხოლო შემოსავლების - 45%-ით გაიზარდა, თუმცა „მაგთიკომი“ კვლავ ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს (აბონენტების 41%, შემოსავლების 49%);
"ამასთან, არ არის მოსალოდნელი, რომ უახლოეს პერიოდში ეს გარემოება შეიცვლება და „მაგთიკომის“ წილები საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენილი ზღვრის - 40%-ის ქვემოთ ჩამოვა ან სხვა ოპერატორები მიაღწევენ აღნიშნულ ზღვარს, რის საფუძველზეც დავასკვენით, რომ „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია," ამბობენ ექსპერტები, რომელთა ნათქვამს კომისია ავრცელებს.
- 2022 წლის მონაცემებით ქვეყანაში მთლიანი მობილური ინტერნეტის ტრაფიკის 51% სწორედ „მაგთიკომმა“ დააგენერირა, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 30%, „სელფი მობაილისთვის“ კი 19% იყო
- 2022 წელს, ევროპული ოპერატორებისთვის საშუალო EBITDA მარჟა (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაყოფილი გაყიდვებიდან შემოსავალზე) 35%-ს შეადგენდა, „მაგთიკომისთვის“ კი - 75% იყო („სილქნეტისთვის“ – 61%, ხოლო „სელფი მობაილისთვის“ – 45%)
დადგენილი ამ გარემოებების გათვალისწინებით, კომკომის მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა, დაასკვნეს, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე დიდი უპირატესობით სარგებლობს და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე (SMP) ოპერატორია, ვინაიდან ფინანსური რესურსების, აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით დიდი უპირატესობა აქვს კონკურენტებთან და შესაბამისად, მათი აზრით, რასაც დიდი ალბათობით კომისიაც გაიზიარებს საბოლოო გადაწყვეტილებაში, „მაგთიკომს“ უნდა განესაზღვროს სპეციფიკური ვალდებულებები.
რა იგულისხმება სპეციფიკურ ვალდებულებებში, რომელთა დაკისრება კომუნიკაციების კომისიას სურს კონკრეტულად "მაგთიკომზე"?
კომისია ამბობს, რომ ასეთი ვალდებულება სამია და ისინი მის მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა დაადგინეს. მათ შორის ერთ-ერთია ეროვნული როუმინგი, რომელიც მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორს ავალდებულებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, მსურველ ოპერატორებს, რომელთაც ქვეყნის ყველა წერტილში შესაბამისი დაფარვა არ აქვთ, მისცეს საკუთარ ქსელზე დაშვება. ასეთ შემთხვევაში, სხვა ოპერატორის აბონენტს ექნება შესაძლებლობა ავტომატურ რეჟიმში გადაერთოს „მაგთიკომის“ ქსელზე, როგორც ეს საზღვარგარეთ როუმინგის შემთხვევაში ხდება.
მეორე ვალდებულება, რომელსაც კომისია მის მიერ დაქირავებული ექსპერტების რეკომენდაციად მოიხსენიებს, არის ის, რომ „მაგთიკომს“ თანალოკაციის ვალდებულება უნდა დაეკისროს, რაც გულისხმობს, რომ მობილური ქსელის სერვისების პროვაიდერი შეძლებს საკუთრი ქსელური ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე განათავსოს და მომხმარებელს მეტად ხარისხიანი სერვისი მიაწოდოს.
მესამე ვალდებულებაა მობილური ვირტუალური ოპერატორის, იგივე MVNO-ს ქსელზე დაშვება. სხვათა შორის, სწორედ ამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, თავის დროზე, კომუნიკაციების კომისია მობილური ოპერატორების საცალო ტარიფის რეგულირებიდან გავიდა, რამაც ბაზრის ყველა ოპერატორს მისცა საშუალება მომხმარებლისთვის ტარიფი გაეზარდა, თუმცა ამჯერად ამ ვალდებულების დაკისრება მარეგულირებელს მხოლოდ "მაგთიკომისთვის" სურს.
ასევე ექსპერტებზე დაყრდნობით, კომისია აჟღერებს სხვა სპეციფიკურ ვალდებულებებსაც. კერძოდ იმას, რომ „მაგთიკომმა“ მეტი გამჭვირვალობისთვის უნდა გამოაქვეყნოს მოწვევის ოფერტა დეტალური ტექნიკური თუ კომერციული პირობებით, რაც დაშვების მსურველ ოპერატორს საშუალებას მისცემს ჰქონდეს ინფორმაცია დაშვების პირობებთან დაკავშირებით. ამასთან, „მაგთიკომმა“ დაშვების მსურველ ყველა კომპანიას არადისკრიმინაციული პირობები უნდა შესთავაზოს, ხოლო საფასური აუცილებლად ხარჯზე ორიენტირებული უნდა იყოს, რათა დაშვების მსურველმა, კომერციულად საინტერესო საქმიანობის განხორციელება შეძლოს. გარდა ამისა, მხოლოდ "მაგთიკომს" უნდა დაევალოს კომისიისთვის დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის წარდგენა, რომლის საფუძველზეც, კომუნიკაციების კომისია შეძლებს განახორციელოს მონიტორინგი, რათა ოპერატორმა კროსსუბსიდირების გამოყენებით არ აიძულოს კონკურენტი გავიდეს ბაზრიდან - რაც სხვა მომსახურებების ხარჯზე, ერთი პროდუქტის ფასის შემცირებას გულისხმობს.
საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დაწყება კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს გადაწყვიტა, რის მიზეზადაც მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები დაასახელა. ამ კვლევის შედეგებზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კი ბაზრის ანალიზის საბოლოო შედეგებს 6 ივნისს, საჯარო სხდომაზე განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას 13 ივნისს მიიღებს. თავად კომისიის განცხადებითვე "იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრები ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ", „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორად გამოცხადდება და შესაბამისი ვალდებულებები დაეკისრება.
კომისიის კომპლექსურ კვლევასთან დაკავშირებით, მაგთიკომმა საკუთარი მოსაზრება აპრილში წარადგინა, სადაც წერია, რომ პროექტი აცდენილია და არ ასახავს ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, ასევე არ არის გამიჯნული და შესაბამისად არ დასტურდება რა არის ევროკავშირის ექსპერტების ან კომისიის დამოუკიდებელი ან ერთობლივი დასკვნა/დასკვნები. კომპანიამ კომისიას ასევე მოსთხოვა წარადგინოს მის მიერ დაქირავებული ექსპერტების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც კომისიისთვის შეთავაზებულია რეკომენდაციები ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ბაზრის კვლევის მიმართულებებით. გარდა ამისა, "მაგთიკომმა" არგუმენტად წარადგინა დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიების - KPMG-ის და BDO კონსალტინგისა და Kalba International, Inc-ის შეფასებები კომისიის მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის ანალიზთან დაკავშირებით, სადაც ვკითხულობთ, რომ კომისიის განზრახვის განხორციელება შეზღუდავს კონკურენციას მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე, მათ შორის, შესაძლოა შეამციროს ქსელის მფლობელი მობილური მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების არსებული რაოდენობა; გააუარესებს მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობას, მომსახურების ხარისხს და შეაფერხებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ამავე დასკვნის თანახმად, არსებითად დაზარალდებიან მობილური მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირები, ხოლო საშუალო და გრძელ ვადაში დაზარალდებიან მობილური მომსახურების მიმღები ბოლო მომხმარებლები.
საგულისხმოა, რომ კომისიის მიერ დაწყებულ ამ მოკვლევის პროცესს, თან ფონად გასდევდა საჯარო დაპირისპირება კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს და მაგთიკომს შორის. წლის დასაწყისში, მაგთიკომმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს კახა ბექაურის ქმედებების შესწავლის მოთხოვნითაც მიმართა. საპასუხოდ, ბექაურმა განაცხადა, რომ "დამოუკიდებელ კომისიაზე ზეწოლის მიზნით, მაგთიკომი აბსურდული ბრალდებებით უსუსურ კამპანიას ეწევა". თავის მხრივ, მაგთიკომი ბექაურს და კომისიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტი ევროპულზე ძვირია.