LIVE

ვაზიანის აეროპროტის გენგეგმის ავტორის გამოვლენა ერთ თვეში იგეგმება

24 ივნ 202415:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 1512
ვაზიანის აეროპროტის გენგეგმის ავტორის გამოვლენა ერთ თვეში იგეგმება
სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი 2020

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ვაზიანში დაგეგმილი აეროპორტის გენერალური გეგმის შემუშავებაზე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პროცესი ორ ეტაპად გაიმართება: პირველ ეტაპზე კომპანიებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარსადგენად ორკვირიანი ვადა ექნებათ, ხოლო მეორე ეტაპი გულისხმობს პირველი ეტაპის შეფასების საფუძველზე შერჩეული კომპანიებისაგან დეტალური ტექნიკური შეთავაზების მიღებას. ამის შემდეგ გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რის საორიენტაციო ვადადაც 2024 წლის ივლისია განსაზღვრული.

აეროპორტის გენერალური გეგმის შესამუშავებლად საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც ჩაერთვება და ამავდროულად, პროექტის 50%-იან თანადაფინანსებასაც უზრუნველყოფს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

"ჩვენ ADB-სთან თანამშრომლობით ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, გვქონდა წინასწარი შეხვედრები მათ შორის, ონლაინ კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა 35-მდე ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საავიაციო საკონსულტაციო კომპანია. დაინტერესება არის ძალიან დიდი. მოლოდინი გვაქვს, რომ საკმაოდ ბევრი განაცხადი შემოვა, რომელთაგან ავარჩევთ საუკეთესოს და ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიას. უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება განვითარების დეტალური გენერალური გეგმა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს დავიწყოთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას," - აცხადებს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე.

მთავრობამ თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაწყვიტა და ირწმუნება, რომ ახალი აეროპორტი წლიურად 19 მილიონ მგზავრს მიიღებს - 2050 წლისთვის. შედარებისთვის, 2023 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სულ 3,7 მილიონმა მგზავრმა გაიარა, ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს იყო - 3,9 მილიონი მგზავრი. 

მთავრობის გეგმას ახალი აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით თან არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა ახლავს. მათ შორის: რა გათვლებს ეყრდნობა ვარაუდი, რომ მგზავრთნაკადი 19 მილიონამდე გაიზრდება, თუნდაც 2050 წლისთვის? რატომ შენდება ახალი სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტი ქვეყნის ყველაზე დიდ და კარგად აღჭურვილ სამხედრო საწვრთნელ ბაზასთან ახლოს, სადაც ასევე იმართება ხოლმე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები? ამ უკანასკნელთან დაკავშირებით სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით სარისკო გადაწყვეტილებაა. 

გარდა ამისა, ამ დროისთვის, თბილისის მოქმედი საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანიას, “ტავ ურბან საქართველოს” მთავრობასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი პირობებით,  აკრძალულია თბილისის აეროპორტიდან 150 კილომეტრის რადიუსში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. ვაზიანი კი თბილისიდან ბევრად უფრო ახლო მანძილითაა დაშორებული. მეორე მხრივ, უცნობია, ვინ იქნება ახალი აეროპორტის მმართველი კომპანია, ან რა ბედი ეწევა მოქმედ საერთაშორისო აეროპორტს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობა მილიარდ 300 მილიონ დოლარამდე დაჯდება (იმ პირობებში, თუ ვაზიანის სამხედრო ბაზის გადატანა არ გახდება საჭირო), ხოლო არსებული აეროპორტის გაფართოება, მთავრობის გათვლებითვე - 900 მილიონი დოლარი დაჯდებოდა.