LIVE

რატომ ვერ მოიტანს ოფშორის კანონი რეალურ ინვესტიციებს - ანალიზი

31 მაი 202419:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 1502
რატომ ვერ მოიტანს ოფშორის კანონი რეალურ ინვესტიციებს - ანალიზი
Greg Groesch/The Washington Times

ოფშორის შესახებ კანონის მოსალოდნელი ეფექტის დასადგენად, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებმა გააანალიზეს საქართველოს მიერ 2012-2023 წლებში მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) ოფშორული იურისდიქციებიდან და შეადარეს ეს მაჩვენებელი პიდაპირი უცხოური ინვესტიციების ბრუნვას ამავე ქვეყნებიდან. შედეგად, თვალსაჩინო გახდა, რომ ეს ოფშორული ინვესტიციები ძირითადად აქტივების ბრუნვისთვის გამოიყენება, გრძელვადიანი ეფექტის გარეშე.

საქმე იმაშია, რომ საქართველოში ოფშორული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესი წილი რეალურად ადგილობრივი კომპანიების აქტივობაა, როცა მათ ადგილობრივი ოპერაციების მფლობელობა უბრალოდ ოფშორულ ჰოლდინგურ კომპანიებზე გადააქვთ. აღნიშნულს ადასტურებდა ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანიც, როცა განაცხადა, რომ საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60-70% რეალურად ქართული ინვესტიცია იყო, ანუ „გატანილია აქედან და შემოტანილია სხვადასხვა ქვეყნიდან“. ეს ქვეყნები კი ოფშორული იურისდიქციებია. ეს "ბრუნვის" პრაქტიკა ართულებს იმის დადგენას, ქვეყანა ნამდვილად იზიდავს რეალურ უცხოურ ინვესტიციებს,  თუ უბრალოდ ადგილობრივი კომპანიები არიდებენ თავს გადასახადებს, ხოლო ბიუჯეტი მისაღებ შემოსავლებს კარგავს. 

ამ ფონზე, ISET-ის მკვლევარების მიერ გაანალიზებული მონაცემები მოწმობს, რომ ოფშორული ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი FDI-ს მთლიან მაჩვენებელში მხოლოდ 0.4%-ია 2012-2023 წლებში. ამის საპირისპიროდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბრუნვა ამავე ოფშორული ქვეყნებიდან 10%-ს აღწევს იგივე პერიოდში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ინვესტიციებს გარდამავალი ეფექტი აქვს და მოკლევადიანი ფინანსური მანევებისთვის უფრო გამოიყენება, შესაბამისად წვლილი ნაკლებად შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში.      

უფრო დეტალურად, ორივე მაჩვენებლის ქვეყნების ჭრილში გაანალიზებით, ISET ასკვნის, რომ კონკრეტული იურისდიქციები, მაგალითად კვიპროსი და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები ხასიათდებიან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვენლოვანი გადინებით 2012-2023 წლებში, მაშინ როცა მარშალის კუნძულებიდან და პანამიდან, პირიქით, მნიშვნელოვნად იზრდებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. ასევე, სწორედ პანამაა ის ოფშორი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებით მაღალი ბრუნვით ხასიათდება, ანუ მკვეთრად ცვალებადია. აქვე საგულისხმოა, რომ წლების განმავლობაში "უმსხვილეს პანამელ ინვესტორად" მოიხსენიებოდა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც პანამა ფეიფერსის თანახმად არაერთი კომპანია აქვს სწორედ ამ იურისდიქციაში რეგისტრირებული.

აღნიშნული და სხვა არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ თუკი პარლამენტის მიერ მიღებული ოფშორის კანონის რეალური მიზანი მართლაც კაპიტალის შემოდინების და ინვესტიციების წახალისება იყო, მაშინ მის ინიციატორს მინიმალური საინვესტიციო მოთხოვნებიც უნდა დაეწსებინა. მაგალთად: მინიმალური საინვესტიციო თანხა და შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა.

თუმცა მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე არსებული პრაქტიკით. ოფშორებიდან საქართველოში ინვესტიციები უფრო მეტად მოკლევადიანი და სპეკულაციურია, ვიდრე გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე გათვლილი, მინიმალური მოთხოვნების დაწესებაც არ იქნებოდა ეფექტური იმ რეპუტაციული რისკების გასანეიტრალებლად, რასაც აღნიშნული კანონი უქმნის საქართველოს. ვინაიდან, ოფშორებიდან ინვესტიციები შესაძლოა გადმოიტანონ გადასახადებისგან თავის ასარიდებლად, ფულის გათეთრების ან სხვა არალეგალური მიზნებისთვის.

ამ ნეგატიურ აღქმას შეუძლია დააზიანოს საქართველოს საერთაშორისო პოზიცია როგორც ქვეყნისა, რომელიც მოწადინებულია ფულის გათეთრების პრევენციისთვის და უზრუნველყოფს ფინანსურ გამჭვირვალობას. ამასთან, ოფშორებიდან საქართველოში კაპიტალის გადმოტანის გადასახადებისგან გათავისუფლებაც, დიდი ალბათობით, არაერთ საერთაშორისო სტანდარტს, გაიდლაინს და რეკომენდაციას არღვევს, მათ შორის OECD-ის და FATF-ის.

გარდა ამისა, ISET-ის შეფასებით ეს საკანონმდებლო ცვლილება მარეგულირებელ გარემოსთან მიმართებაში გაურკვევლობას ზრდის, რამაც შესაძლოა იმოქმედოს ლეგიტიმური ინვესტორების განწყობაზე და გააუარესოს ის, რადგან სუფთა ინვესტორები როგორც წესი ამჯობინებენ იურისდიქციებს ასევე სუფთა, თანმიმდევრული და გამჭვირვალე საგადასახადო მიდგომებით, ხშირი ცვლილებები და გამონაკლისები კი მარეგულირებელ ჩარჩოზე ნეგატიურად აისახება.

საბოლოოდ თუ საქართველო სახელს გაითქვამს, როგორც რისკიანი და მანკიერი კაპიტალის მიზიდულობის ცენტრი, რეპუტაციის მქონე ინვესტორები მას საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყანად აღარ განიხილავენ, რათა რეპუტაციულ რისკებს აარიდონ თავი.

შესაბამისად, ISET-ის კვლევითი ცენტრის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ოფშორის კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სისტემას და საერთაშორისო რეპუტაციას. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის იურისდიქციების მიმართ მიდგომები გლობალურად მკაცრდება, რადგან ისინი ასოცირებულია ფინანსურ დანაშაულებთან. ამ ფონზე კი, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა სრულიად საპირისპირო ქმედება განეხორციელებინა და ოფშორული კაპიტალისთვის გზა გაეხსნა საქართველოსკენ საგადასახადო შეღავათების დაწესებით. საბოლოოდ კი, გამოდის, რომ ოფშორის კანონის რისკები და ნეგატიური ეფექტი გადაწონის მისგან მოსალოდნელ სარგებელს, რაც მისი ინიციატორების თქმით, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაა.

„მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის, საქართველო უნდა ფოკუსირდეს გამჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვაზე კარგი რეპუტაციის მქონე წყაროებიდან, თანხვედრაში მოიყვანოს საკუთარი საკანონმდებლო ჩარჩო საერთაშორისო სტანდარტებთან და გააძლიეროს მარეგულირებელი ინსტიტუტები იმისთვის, რომ აღადგინოს ნდობა და შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა,“ მიიჩნევენ პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები გიორგი ფირიაშვილი, ანა ბურდული, ელენე სეთურიძე, თათია ხიდაშელი და გიორგი პაპავა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა ოფშორიდან აქტივების გადმოტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები 29 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა. ცვლილების თანახმად ოფშორში რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები წესდება:

  • აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;
  • აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისგან;
  • საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, თავისუფლდება ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა ისე, რომ მისი განმარტებითი ბარათი მოკლებული იყო არგუმენტებს, თუ რატომ არის საჭირო ცვლილება. აღნიშნულმა გააჩინა ეჭვი, რომ ის მორგებულია ერთი კონკრეტული ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის ინტერესებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე, რომელსაც არაერთი ოფშორული კომპანია უკავშირდება. მმართველი გუნდი აღნიშნულს უარყოფს.