LIVE

კარგად მივდიოდით - სოციალური საწარმოებისთვის გაურკვევლობა იზრდება

06 ივნ 202418:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1512

სოციალური საწარმოები საქართველოში ძირითადად დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით იქმნებიან და ფუნქციონირებენ, შესაბამისად, მათი ნაწილი შიშობს, რომ ხლისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" შესაძლოა, სამოამვლოდ პრობლემა შეუქმნას დონორ ორგანიზაციებს, რაც პირდაპირ აისახება სოციალური საწარმოების შემდგომ ფუნქციონირებაზეც.

სოციალური საწარმო არის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად. ამ ტიპის საწარმოები არ არიან მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული და აქვთ ორმაგი მიზანი: ეკონომიკური და სოციალური, რომელთაგანაც სოციალური არის უმთავრესი, ხოლო კომერციული საქმიანობა ერთგვარი საშუალებაა სოწრედ დასახული სოციალური მიზნების მისაღწევად.

სოციალური საწარმოს, „პოტერიას“ თანადამფუძნებელი ნათია ნოზაძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში დონორმა ორგანიზაციებმა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად დიდი შრომა გასწიეს საქართველოში სოციალური საწარმოების გასავითარებლად. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეექმნას პრობლემა ისეთ ორგანიზაციებს, ვინც ქვეყანაში ასეთ პოზიტიურ განვითარებას უჭერს მხარს.

"აქამდე ძალიან კარგად მივდიოდით, მთავარია ახლა არ შევფერხდეთ," ამბობს ნათია ნოზაძე. 

თავად პოტერიაც, რომელიც თიხისა და კერამიკის ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოა, 2018 წელს სწორედ ევროკავშირის მხარადჭერით დაფუძნდა იმ იდეით, რომ შეენარჩუნებინა თიხისა და კერამიკის დამუშავების ქართული ტრადიციული ტექნიკა. დამფუძნებელთა გუნდმა მიზნად დაისახა, ეზრუნა კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალებზე, რომელთა კერამიკის წარმოებაში ჩართულობასაც ორმაგი დადებითი შედეგი ექნებოდა - პროფესიული გადამზადება-დასაქმება და არტ-თერაპიული ეფექტი, რაც თიხასთან საქმიანობას ახლავს თან.

„რომ არა ევროკავშირის დაფინანსება, სხვანაირად ეს თანხა არ გვექნებოდა. თანაც, ეს არ იყო მხოლოდ დაფინანსება. ამის შემდეგ იყო უკვე ტრენინგები, უამრავი რამ ვისწავლეთ. დონორი ორგანიზაციები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ. მაგალითად, ჩვენს საწარმოში 15 ადამიანი მუშაობს, მათ უკან დგანან მათი ოჯახები, არიან მოწყვლადი ჯგუფები... ანუ, რეალურად, ეს არის სოციუმისთვის გაკეთებული საქმე და როცა ასეთ კარგ საქმეს აკეთებს ვიღაც ქვეყანაში, წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში, ცნობიერების ამაღლებაში, ეკონომიკურ მდგრადობაში, ფინანსურ დამოუკიდებლობაში, არ მესმის, მათ  რატომ უნდა შეუქმნა პრობლემა,“ ამბობს ნათია ნოზაძე და დასძენს, რომ დონორი ორგანიზაციები სოციალურ საწარმოებს ყველა მიმართულებით ეხმარებიან - დაწყებული დაფუძნებიდან, დამთავრებული გადამზადებით, თუ როგორც აწარმოონ პროდუქციის შეფუთვა, მარკეტინგი, რეალიზაცია და ა.შ.

გარდა ამისა, როგორც ირკვევა, სოციალური საწარმოების განვითარების შემდგომი ეტაპებიც დონორებისგან მიღებულ გრანტებზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ ამ ტიპის საწარმომ საკუთარ საქმიანობას ახალი მიმართულება დაამატოს, ერთადერთი მხარდამჭერი და დამფინანსებელი შეიძლება იყოს სწორედ დონორი ორგანიზაცია.

„ახლახანს გვინდოდა აგვეღო ფოკუს ჯგუფი მარტოხელა დედებზე და ძალიან დიდი იმედი გვქონდა რომ რომელიმე ორგანიზაციაში გრანტს დავწერდით და შევიტანდით. რეალურად, უბრალოდ ვერ ვხვდები რა საჭიროა ასეთი ორგანიზაციებისთვის ზედმეტი თავისტკივილის გაჩენა, რაც რა თქმა უნდა აისახება სოციალურ საწარმოებზეც,“ განმარტავს ნათია ნოზაძე.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა სოციალური საწარმოებისთვის მომავალი ბუნდოვანი გახადა. მათმა აბსოლუტურმა უმეტესობამ არ იცის, როგორ გააგრძელებს საქმიანობას, თუკი გრანტებზე ხელმისაწვდომობა შემცირდება.  

მთავრობის მიერ მიღებული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ითვლება ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია საშუალება, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს. კანონი მათ ავალდებულებს სპეციალურ რეესტრში უცხოური ინტერესების გამტარ ძალად რეგისტრაციას და ყოველწლიურად საფინანსო დეკლარაციის წარდგენას. ამ ვალდებულების არ შესრულებისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე 25 ათასი ლარია.

საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის შეფასებით, რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიას და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალს. ხელისუფლებას კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა ვენეციის კომისიამაც.  

სტატია და სიუჟეტი მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "ბიზნეს ფორმულა" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.

პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).