
ევროკავშირი აცხადებს, რომ "მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში" (WTO) რუსეთისთვის უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის (MFN) შეჩერებას განიხილავს. ეს ევროკავშირს საშუალებას მისცემს, რომ გაზარდოს ტარიფები ან დააწესოს კვოტები რუსულ იმპორტზე.
"განვიხილავთ ჩვენთვის ხელმისაწვდომ ვარიანტებს WTO-ს კონტექსტში. ეს მოიცავს რუსეთისთვის MFN მოპყრობის მოხსნის შესაძლებლობას WTO-ს ეროვნული უსაფრთხოების გამონაკლისის საფუძველზე",- თქვა ხუთშაბათს ევროკომისიის სპიკერმა.
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი გულისხმობს WTO-ს ყველა წევრის, მათ შორის რუსეთის, თანაბრად მოპყრობას.
საკითხს ევროკავშირის ქვეყნების სავაჭრო წარმომადგენლები ხვალ ბრიუსელში განიხილავენ.
ეს ნაბიჯი განიხილება როგორც კიდევ ერთი პასუხი რუსეთის მიერ უკრაინაზე აგრესიულ თავდასხმაზე. დასავლურმა სანქციებმა უკვე გამოიწვია რუსეთსა და ევროპის კომპანიებს შორის კავშირების გაწყვიტა. უპირატესი ხელშეწყობის სტატუსის გაუქმება ამ კომპანიებისთვის რუსეთთან კავშირის შენარჩუნებას გააძვირებს და რუსეთის ევროკავშირისგან იზოლირების პროცესს გააღრმავებს.
ევროკავშირი არის რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ევროკომისიის მონაცემებით, 2020 წელს რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტმა 95,3 მილიარდი ევრო შეადგინა, აქედან დაახლოებით 70% ნავთობსა და გაზზე მოდის, ასევე სოფლის მეურნეობაზე, ქიმიკატებსა და მეტალებზე.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ნარდელი და ბრაის ბაშუკი