LIVE

S&P-ი ბელარუსის დეფოლტს მომდევნო 12 თვის განმავლობაში ვარაუდობს

08 მარ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 704
S&P-ი ბელარუსის დეფოლტს მომდევნო 12 თვის განმავლობაში ვარაუდობს

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები რუსეთსა და ბელარუსს რეიტინგებს უმცირებენ და დეფოლტის გაზრდილ რისკებზე მიუთითებენ.

Fitch-ი მეორე მსხვილი საკრედიტო სარეიტინგო კომპანიაა, რომელმაც რუსეთში კომერციული ოპერაციები შეაჩერა

სარეიტინგო სააგენტოები ორმაგ ზეწოლას განიცდიან - დასავლეთის სანქციები, რომლებიც კრძალავს ტრანზაქციებს რუსულ კომპანიებთან და გასულ კვირას მიღებული ახალი კანონი, რომელიც ომის შესახებ “ყალბი ინფორმაციის” გავრცელებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კანონი კრძალავს ნებისმიერი მოვლენის გაშუქებას, რამაც შეიძლება რუსი სამხედროების დისკრედიტაცია მოახდინოს. 

Fitch-მა და Moody's-მა, რომლებმაც შეაჩერეს კომერციული ოპერაციები რუსეთში, მიმდინარე თვის დასაწყისში რუსეთის სუვერენული რეიტინგი რეკორდულად, 6 პუნქტით შეამცირეს და განაცხადეს, რომ დასავლეთის სანქციები დეფოლტის რისკს ზრდის. 

ამასთან, Fitch-მა კიდევ უფრო შეამცირა ბელარუსის საკრედიტო რეიტინგი ახალი სანქციების და დამატებითი ზომების მიღების შესაძლებლობის მოტივით. სააგენტომ ქვეყნის რეიტინგი სამი საფეხურით, CCC-მდე შეამცირა, რითაც იგი არგენტინასა და ეთიოპიას გაუტოლდა.

Fitch-ის შეფასებით, სანქციები და რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური და ფინანსური კავშირები ქმნის მნიშვნელოვან რისკებს მაკროფინანსური სტაბილურობისთვის და ზრდის გაურკვევლობას ბელარუსის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, შეასრულოს საგარეო ვალდებულებები. 

“Fitch-ი არ არის დარწმუნებული რუსეთის მზადყოფნაში, უზრუნველყოს ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც აუცილებელია ბელარუსის ევროობლიგაციების 2023 წელს გამოსასყიდად. გარდა ამისა, საჯარო და საგარეო ფინანსები შემცირდება არსებული ფინანსური შეზღუდვებით, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდება და გეოპოლიტიკური რისკები შენარჩუნდება”,- ნათქვამია განცხადებაში. 

ქვეყნის ობლიგაციების მფლობელები მყიდველების პოვნას ცდილობენ, რადგან ლიკვიდურობა ამოწურულია. ბელარუსს აქვს $800 მილიონის ობლიგაციები, რომლებიც მომავალი წლის თებერვალში უნდა დაიფაროს. Bloomberg-ის თანახმად, ქვეყნის ვალმა ინვესტორებს 92%-იანი ზარალი მოუტანა. 

S&P-ი ვარაუდობს, რომ ბელარუსი დეფოლტს მომდევნო 12 თვის განმავლობაში გამოაცხადებს. S&P-მა, Fitch-ის მსგავსად, შეამცირა ქვეყნის რეიტინგი CCC-მდე და განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციები აფერხებს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარია ელენა ვიზკაინო