LIVE

15 წლიანი პატიმრობა უკრაინის ომის გაშუქებისთვის - რუსეთში დამოუკიდებელი მედია იხურება

04 მარ 202212:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 6749
15 წლიანი პატიმრობა უკრაინის ომის გაშუქებისთვის - რუსეთში დამოუკიდებელი მედია იხურება
Thibault Camus/Reuters

რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ომის დასრულების და ჯარების გაყვანის მოთხოვნა პატიმრობით დაისჯება.

5 წლამდე პატიმრობით დაისჯება მოწოდებები, “რომლებიც ეწინააღმდეგება რუსული ჯარების გამოყენებას რუსეთის ინტერესების დასაცავად”. 

ყალბი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება დაისაჯოს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თუ ამ ქმედებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება.

რუსეთის მედიის მარეგულირებელი აფრთხილებს დამოუკიდებელ საინფორმაციო გამოშვებებს, არ გაავრცელონ ნეგატიური ინფორმაცია უკრაინის ომის, მათ შორის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ. 

მარეგულირებელმა გამაფრთხილებელი წერილი სულ მცირე 10 მედიასაშუალებას გაუგზავნა, მათ შორის Novaya Gazeta-ს, რომელსაც მართავს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დიმიტრი მურატოვი.

წერილის თანახმად, ომის გაშუქებისას მედიამ მხოლოდ სამთავრობო წყაროები უნდა გამოიყენოს. მედიას განუცხადეს, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში არ უნდა შეფასდეს, როგორც “შეტევა, შეჭრა ან ომის გამოცხადება”. 

რუსეთის საკომუნიკაციო ორგანოებს შეზღუდული აქვთ წვდომა BBC-ის რუსულ სერვისზე. ასევე დაბლოკილია ორი სხვა საინფორმაციო გამოცემა - მედუზა და რადიო თავისუფლება.

Novaya Gazeta-ს მთავარმა რედაქტორმა მურატოვმა პროტესტის ნიშნად განაცხადა, რომ არასოდეს აღიარებს “უკრაინას მტრად და უკრაინულ ენას მტრის ენად”. Novaya Gazeta-ს ჟურნალისტები არიან რუსული მედიის 200 თანამშრომელს შორის, რომლებიც ხელს აწერენ ღია წერილს ომის წინააღმდეგ. 

რუსეთის ერთ-ერთმა ბოლო დამოუკიდებელმა საინფორმაციო საშუალება TV Rain-მა გამოაცხადა, რომ ოპერაციებს განუსაზღვრელი ვადით შეწყვეტს მას შემდეგ, რაც ზეწოლას განიცდიდა უკრაინის ომის გაშუქების გამო. 

რუსეთის სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელმა უკვე დაბლოკა არხი მიმდინარე კვირის დასაწყისში და დაადანაშაულა “ექსტრემიზმის წაქეზებაში, რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფაში, საზოგადოებრივი სიმშვიდისა და უსაფრთხოების მასობრივ დარღვევაში და საპროტესტო აქციების წახალისებაში”.

დღეს მედიასაშუალებამ ბოლო გადაცემა ონლაინ რეჟიმში გაუშვა. “არა ომს”, - თქვა ნატალია სინდეევამ, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, როდესაც თანამშრომლები სტუდიიდან გავიდნენ.

ამის შემდეგ არხმა ჩაიკოვსკის გედების ტბის ჩვენება დაიწყო. ბალეტი გამოიყენებოდა საბჭოთა ეპოქის რადიო და სატელევიზიო გადაცემებში 1980-იან წლებში ლიდერების გარდაცვალების აღსანიშნავად, მოგვიანებით კი 1991 წლის გადატრიალების დროს, რამაც ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის დასასრულს.