Samsung-მა მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების გამო რუსეთში პროდუქციის მიწოდება შეაჩერა და შეუერთდა კომპანიების მზარდ სიას Apple-დან Microsoft-მდე, რომლებიც აჩერებენ გაყიდვებსა და მომსახურებას ქვეყანაში უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
Bloomberg-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეის ტექნოლოგიური გიგანტი აქტიურად აკვირდება რთულ ვითარებას და რუსეთში Samsung-ის ყველა პროდუქტის ექსპორტი შეჩერებულია. მათ შორის სმარტფონების, ჩიპებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების.
“ჩვენი ფიქრები ყველასთანაა, ვინც დაზარალდა და ჩვენი პრიორიტეტია ყველა თანამშრომლისა და მათი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, - ნათქვამია Samsung-ის განცხადებაში.
კომპანია $6 მილიონს, მათ შორის $1 მილიონის ღირებულების სამომხმარებლო ელექტრონიკის პროდუქტებს რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების სახით აგზავნის.
ომის გამო წარმოშობილი შეშფოთების გარდა, სანქციების, აშშ-ს მიერ ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვისა და რუბლის მკვეთრი ვარდნის გათვალისწინებით, რუსეთში ოპერირება გამოწვევად იქცა უცხოური კომპანიებისთვის.
Samsung-ის განცხადების წინ, მიხაილო ფედოროვმა, რომელიც უკრაინის ვიცე-პრემიერია და ციფრულ ოპერაციებს ზედამხედველობს, წერილი გაუგზავნა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ჰან ჯონგ-ჰის და მოუწოდა, დროებით შეწყვიტოს სერვისებისა და პროდუქტების მიწოდება რუსეთში.
“გვჯერა, რომ მსგავსი ქმედებები მოტივაციას მისცემს რუსეთის ახალგაზრდობასა და აქტიურ მოსახლეობას, პროაქტიულად შეაჩერონ სამარცხვინო სამხედრო აგრესია. ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა - 2022 წელს თანამედროვე ტექნოლოგია ალბათ საუკეთესო პასუხია ტანკების, მრავალჯერადი რაკეტებისთვის, რომელთა სამიზნე საცხოვრებელი უბნები, საბავშვო ბაღები და საავადმყოფოებია. დარჩით უკრაინასთან და გადაარჩინეთ მილიონობით უდანაშაულო სიცოცხლე!“, - ნათქვამია ფედოროვის წერილში.
კორეაში დაფუძნებული Samsung-ი წამყვანი სმარტფონების გამყიდველია რუსეთში. ბაზრის წილი 30%-ს აღემატება. სმარტფონების გაყიდვები რუსეთში შეადგენს კომპანიის გლობალური შემოსავლის დაახლოებით 4%-ს. ნახევარგამტარების გაყიდვები შეადგენს 0,1%-ზე ნაკლებს. კომპანიას ასევე აქვს ტელევიზორის წარმოების ქარხანა კალუგაში, რუსეთში.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეამ მიიღო გამონაკლისი აშშ-ის საექსპორტო კონტროლისგან რუსეთზე, გადაზიდვის არხებისა და ფრენების შეჩერება კორეულ კომპანიებს გაურთულებს პროდუქციის რეგიონში გაგზავნას.
კორეის მთავრობამ გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის ომს მოკლევადიან პერიოდში შეზღუდული გავლენა ექნება ეკონომიკაზე, რადგან მისი სავაჭრო ექსპოზიცია მინიმალურია. თუმცა, გახანგრძლივებულმა დაძაბულობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს მიწოდების შეფერხების, ფინანსურ ბაზრებზე გაურკვევლობისა და ეკონომიკური აღდგენის ნელი ტემპის გამო. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გასულ წელს რუსეთში ექსპორტმა სამხრეთ კორეის მთლიანი ექსპორტის 1,5% შეადგინა, ხოლო იმპორტმა - 2,8%.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სოჰი კიმი