LIVE

რუსეთში Ikea და H&M იხურება - მაღაზიებთან რიგებია

04 მარ 202210:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 736
რუსეთში Ikea და H&M იხურება - მაღაზიებთან რიგებია

ორი მსხვილი ბრენდი Ikea და H&M რუსეთსა და ბელორუსში მუშაობას დროებით აჩერებს. კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიული შეჭრის საპასუხოდ მიიღეს. 

ავეჯისა და აქსესუარების შვედური ბრენდი Ikea მსოფლიოში ავეჯის ყველაზე დიდი კომპანიაა. მას რუსეთში 17 მაღაზია აქვს.

კომპანიამ განაცხადა, რომ კონფლიქტს უზარმაზარი ადამიანური გავლენა აქვს, რაც მიწოდების ჯაჭვისა და სავაჭრო პირობების სერიოზულ შეფერხებებს იწვევს. შედეგად, მან გადაწყვიტა შეაჩეროს ყველა საწარმოო და საცალო ოპერაციები რუსეთში და მის მოკავშირე ბელარუსში.

ამის გამო, გუშინ რიგები იყო IKEA-ს მაღაზიებთან. სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ მომხმარებლები მაღაზიებში შეღწევას კარის დახურვის შემდეგაც ცდილობდნენ. 

კომპანიის გადაწყვეტილება პირდაპირ ზეგავლენას 15,000 დასაქმებულზე იქონიებს, თუმცა ისინი გარკვეული დროით ხელფასს ისევ მიიღებენ. 

Ikea-ს განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის შედეგად იძულებით დევნილთათვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 20 მილიონ ევროს გაიღებს. 

Ikea-ს "მშობელი კომპანია" Ingka Group რუსეთში ოპერირებას აგრძელებს. მისი "მეგა" სავაჭრო ცენტრი რუსებს საკვებით, ტანსაცმლითა და საქონლით კვლავ უზრუნველყოფს.  

რაც შეეხება ტანსაცმლის კომპანია H&M Group-ს, რომელსაც რუსეთში 168 მაღაზია აქვს, ქვეყანაში მუშაობას დროებით ისიც აჩერებს. 

"H&M Group ზრუნავს ყველა კოლეგაზე და უერთდება მშვიდობისკენ მოწოდებას",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ამ გადაწყვეტილებით, Ikea და H&M უერთდებიან საერთაშორისო კომპანიების მზარდ რიცხვს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთში მუშაობას აჩერებს. მათ შორის არიან მსხვილი კომპანიები: Apple, Disney და Ford და სხვა.