LIVE

სანქციების ფონზე Moody's-მა და Fitch-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი Junk​ დონემდე შეამცირეს

03 მარ 202211:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1409
სანქციების ფონზე Moody's-მა და Fitch-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი Junk​ დონემდე შეამცირეს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა, Moody's-მა და Fitch Ratings-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი ე.წ. junk სტატუსამდე შეამცირეს. იზრდება რისკები, რომ საერთაშორისო სანქციები, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესდა, ძირს გამოუთხრის რუსეთის მიერ ვალის მომსახურების შესაძლებლობას და სურვილს.

Moody's-მა ხუთშაბათს რუსეთის საგარეო ვალის გრძელვადიანი რეიტინგი Baa3-დან B3-მდე შეამცირა. სარეიტინგო კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად სუვერენული ვალის დაფარვის შეფერხების გაზრდილი რისკი და რუსეთის მხრიდან ვალის მომსახურების მზადყოფნის შესახებ მნიშვნელოვანი შეშფოთება დაასახელა.

ეს მას შემდეგ, რაც Fitch-მა რუსეთის რეიტინგი BBB-დან ექვს დონით B-მდე შეამცირა და ოთხშაბათს ნეგატიურ რეიტინგში მოათავსა. კომპანიამ მიზეზად საგარეო და საჯარო ფინანსების შესუსტება, ზრდის შენელება, შიდა და გეოპოლიტიკური რისკის გაზრდა და პოტენციური სანქციები დაასახელა. როგორც სარეიტინგო კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, სანქციებმა გაზარდა მაკროფინანსური სტაბილურობის რისკები, რაც რუსეთის საკრედიტო საფუძვლებისთვის უზარმაზარ შოკს წარმოადგენს.

Fitch-ის რეიტინგის შემცირება რუსეთს ნიგერიასა და ბოლივიასთან ათანაბრებს.

Fitch-მა ხაზი გაუსვა აშშ-სა და ევროკავშირის სანქციებს, რომლებიც კრძალავს რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციებს. ეს, სარეიტინგო კომპანიის თქმით, უფრო დიდ გავლენას მოახდენს საკრედიტო საფუძვლებზე, ვიდრე წინა შეზღუდვები. Fitch-ი ასევე ელოდება შემდგომ სანქციებს ქვეყნის საბანკო სექტორზე, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქვეყნის მხრიდან ვალის მომსახურების სურვილზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდნი მაკი