LIVE

Meta-მ გააუქმა ქსელი, რომელიც უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა

28 თებ 202212:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 920
Meta-მ გააუქმა ქსელი, რომელიც უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა

Meta-მ აღმოაჩინა და გააუქმა დეზინფორმაციის ქსელი, რომელიც ანგარიშების, ჯგუფებისა და გვერდების გამოყენებით უკრაინის შესახებ მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში.  

კომპანიის განცხადებითვე, რამდენიმე უკრაინელი საჯარო პირის ანგარიშები კომპრომეტირებული იყო Ghostwriter-ის მიერ, რომელიც კრემლის პროპაგანდის გავრცელებითაა ცნობილი.

ბოლო დღეებში უკრაინელი მომხმარებლების ანგარიშებზე შეტევების შემთხვევები გაიზარდა. იქიდან გამომდინარე, რომ კონფლიქტი გლობალურ ახალ ამბებში ცენტრალურ ადგილს იკავებს, Meta-ს უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების განცხადებით, კომპანიამ გააძლიერა კიბერუსაფრთხოების გუნდი.

Facebook-მა დააფიქსირა კოორდინირებული და არაავთენტური ქცევის შემთხვევები, რაც გამოიხატებოდა ყალბი ანგარიშების შექმნაში და დეზინფორმაციის გავრცელებაში. ყალბი ანგარიშები ინფორმაციას კიევში მომუშავე მედიის და ყოფილი სამხედრო ავიაციის ინჟინრის სახელით აქვეყნებდნენ და ავრცელებდნენ კონტენტს, სადაც საუბარი იყო, რომ დასავლეთმა უკრაინას უღალატა და უკრაინა დამარცხებული სახელმწიფოა. 

კომპანია დეზინფორმაციის გავრცელებაში პირდაპირ რუსეთს არ ადანაშაულებს, მაგრამ მიუთითებს 2020 წლის აპრილში დაფიქსირებული კამპანიის მსგავსებაზე, როცა პროპაგანდის უკან რუსი ინდივიდები იდგნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვლად სავოვი