LIVE

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა რუსეთის ცენტრალურ ბანკს სანქციები დაუწესოს

26 თებ 202221:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 2150
შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა რუსეთის ცენტრალურ ბანკს სანქციები დაუწესოს
Andrey Rudakov/Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები რუსეთის ცენტრალურ ბანკზე სანქციების დაწესებას განიხილავს. ამ ნაბიჯის სამიზნე ხდება $643 მილიარდის რეზერვების დიდი ნაწილი.

საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაჩქარებული წესით ყველა ვარიანტს განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სტაბილურად ამცირებს უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულებას, ცენტრალური ბანკი კვლავ ფლობს 16,4%-ს დოლარში, ევროს წილი კი 32,2%-მდე გაიზარდა.

ლონდონში Bluebay Asset Management-ის სტრატეგის, ტიმ ეშის თქმით, ეს ნაბიჯი რუსეთისთვის “დამანგრეველი” იქნება და ჩვენ რუბლის კრახს დავინახავთ. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო იქნება რუსეთის ზომის ეკონომიკისთვის, შეერთებულმა შტატებმა ადრეც დააწესა სანქციები  ცენტრალური ბანკებისთვის. 2019 წელს ფინანსთა სამინისტრომ ირანის და ვენესუელას მონეტარული ხელისუფლება შავ სიაში შეიყვანა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ბანკიც.

საზღვარგარეთ სახსრებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვამ შესაძლოა რუსეთის ცენტრალურ ბანკს ხელ-ფეხი შეუკრას, რადგან ის ცდილობს გააძლიეროს რუბლი სავალუტო ბაზარზე მყარი ვალუტის გაყიდვით. პირდაპირი ინტერვენციები, რომელიც გამოცხადდა მიმდინარე კვირის დასაწყისში მას შემდეგ, რაც პუტინმა უბრძანა თავის სამხედროებს უკრაინაზე თავდასხმა, რუსეთის ბანკის პირველი ინტერვენციაა ბაზარზე 2014 წლის შემდეგ.

რუსეთს დანაზოგების 22% ოქროში აქვს განთავსებული, რომლის უმეტესი ნაწილი ქვეყნის შიგნით ინახება და მიუწვდომელი იქნება დასავლეთის სანქციებისგან, ხოლო ცენტრალური ბანკის რეზერვების დაახლოებით 13% იუანში ინახება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სალეჰა მოჰსინი