პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ეს საქართველოს დააზიანებს.
„გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს და მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას, შესაბამისად, მე, როგორც მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინაში ჩასვლას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საჰაერო სივრცე დაკეტილია.
"არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია",- განაცხადა პრემიერმა.