LIVE

ყველაზე მდიდარი რუსების ქონება ერთ ღამეში ასობით მილიონით შემცირდა

22 თებ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 10897
ყველაზე მდიდარი რუსების ქონება ერთ ღამეში ასობით მილიონით შემცირდა

Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 23 რუსი მილიარდერი შედის. მათგან 22-ის ქონება გასულ 24 საათში ასობით და ათობით მილიონით შემცირდა. 

სიის მიხედვით, ყველაზე დიდ ქონებას რუსებიდან ვლადიმერ პოტანინი, ალექსეი მორდაშოვი, ლეონიდ მიხელსონი, ვლადიმერ ლისინი, ვაგიტ ალეკპეროვი ფლობენ. 

Norilsk Nickel-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პოტანინი ამჟამად $30.2 მილიარდით სიის 46-ე ადგილს იკავებს. გასული ერთი დღის განმავლობაში მისი ქონება ყველაზე დიდი თანხით $471 მილიონით შემცირდა. 

$110 მილიონით შემცირდა ალექსი მორდაშოვის ქონება. ის ამ დროისთვის $28.5 მილიარდს ფლობს. მორდაშოვი რუსეთის მეოთხე უმსხვილესი ფოლადის მწარმოებლის, Severstal-ის აქციონერია. ის ასევე ფლობს წილებს ოქროს მწარმოებელ Nordgold-ში, ელექტროენერგიის გამომუშავების აღჭურვილობის მწარმოებელ Power Machines-სა და TUI-ში, ევროპულ ტუროპერატორში. მას ინვესტიციები აქვს National Media Group-ში, Bank Rossiya-სა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორ Rostelecom-ში.

Bloomberg-ის მილიარდერების სიის მიხედვით, მე-3 ყველაზე მდიდარი რუსი ლეონიდ მიხელსონია. ის $28.5 მილიარდს ფლობს. მისი ქონება ერთ დღეში $766 მილიონით შემცირდა. Novatek-ის აღმასრულებელი დირექტორი რუსეთში ბუნებრივი გაზის უმსხვილესი არასახელმწიფო პროვაიდერია. მილიარდერი კომპანიის დაახლოებით მეოთხედს, ასევე, ნავთობქიმიური კომპანია Sibur-ის 30,6%-იან წილს ფლობს. 

$232 მილიონით შემცირდა ვლადიმერ ლისინის ქონება. ის ამჟამად $27.8 მილიარდით 55-ე ადგილს იკავებს. 

ლისინი არის რუსეთის უმსხვილესი ფოლადის მწარმოებლის, Novolipetsk Steel-ის თავმჯდომარე. ის ასევე ფლობს სარკინიგზო ტვირთების ოპერატორს Freight One-ს, პორტის ობიექტების ოპერატორს UCL Port-ს და გადამზიდავ კომპანია VBTH-ს.

Lukoil-ის თავმჯდომარე და მოსკოვის სპარტაკის საფეხბურთო გუნდის თანამფლობელი ვაგიტ ალეკპეროვის ქონება ერთ დღეში $913 მილიონით შემცირდა და ამჟამად $21.4 მილიარდს შეადგენს.  

დღეს რუსული რუბლი 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მეტად გაუფასურდა. ვალუტის გაუფასურება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას მოჰყვა.