LIVE

პუტინის განცხადების შემდეგ რუბლი ორ წლიან მინიმუმამდე გაუფასურდა

22 თებ 202212:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 1349
პუტინის განცხადების შემდეგ რუბლი ორ წლიან მინიმუმამდე გაუფასურდა

რუსული რუბლი 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მეტად გაუფასურდა. ვალუტის გაუფასურება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას მოჰყვა.

პუტინის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ 1 დოლარის ღირებულებამ 80 რუბლს გადააჭარბა და ამ დროისთვის bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 80.3 რუბლი ღირს.

შემცირდა რუსული კომპანიების აქციების ფასიც. საღამოს ვაჭრობაში აქციები 18%-ით გაუფასურდა. უფრო ადრე მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX) საორიენტაციო ინდექსმა ძირითადი სავაჭრო სესია 11%-იანი ვარდნით დახურა, რაც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა.

რუსულ აქციებს და რუბლს ორშაბათს გლობალურად ყველაზე ცუდი პერფორმანსი ჰქონდათ. ჯერჯერობით ნათელი არ არის, რას ნიშნავს პუტინის გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის რისკის კონტექსტში. რუსეთმა არაერთხელ უარყო მსგავსი გეგმები.

პუტინის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა დასავლელი ლიდერების გაფრთხილება, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში სანქციებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა პუტინის გადაწყვეტილების პასუხად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს სანქციები დაუწესა. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრძალავს აშშ-ს მიერ ინვესტიციების განხორციელებას და ფინანსურ საქმიანობას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფარა ელბარავი