LIVE

რუსული აქციების ფასი 2014 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დაეცა - რუბლი გაუფასურდა

21 თებ 202223:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 4666
რუსული აქციების ფასი 2014 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დაეცა - რუბლი გაუფასურდა

დღეს რუსული აქციების ფასი ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დაეცა. აქციების ვარდნა ვლადიმერ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის თვითგამოცხადებული სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების დაანონსებას მოჰყვა.

მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX) საორიენტაციო ინდექსი 11%-ით დაეცა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესება და სანქციები მოჰყვა. დღის განმავლობაში ინდექსი 14%-ზე მეტით დაეცა, რაც ყველაზე მეტია 2008 წლის ნოემბრის შემდეგ.

რუსულ აქციებს და რუბლს გლობალურად ყველაზე ცუდი პერფორმანსი ჰქონდათ. ფინანსთა მინისტრმა სამშაბათს დაგეგმილი ობლიგაციების გაყიდვა გააუქმა. მიზეზად ფინანსურ ბაზრებზე გაზრდილი არასტაბილურობა სახელდება.

სეპარატისტების აღიარების ნაბიჯი, სავარაუდოდ, დაარღვევს ევროპის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებებს და კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას დასავლეთთან. მოსკოვი აგრძელებს უკრაინაში შეჭრის გეგმების უარყოფას, თუმცა აშშ და მისი მოკავშირეები ამას საკამათოდ მიიჩნევენ.

რუბლი მოსკოვში 19:21 საათისთვის 2,2%-ით გაუფასურდა და დოლარზე 79.05 შეადგინა, ხოლო რუსეთის ვალის დაზღვევის ღირებულება 2016 წლის შემდეგ უმაღლეს დონემდე გაიზარდა.

დასავლელმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ უკრაინის ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში ევროკავშირი მას სავარაუდოდ, სანქციებს დაუწესებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფარაჰ ელბარჰავი