LIVE

აუდიტის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილ დარღვევებს პროკურატურა შეისწავლის

04 თებ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 757
აუდიტის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილ დარღვევებს პროკურატურა შეისწავლის

6 931 908 ლარი ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 2 წლის განმავლობაში ვერ აითვისა, რაც პროექტების დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს, ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ქობულეთში დარღვევის არაერთი ფაქტია აღმოჩენილი. კერძოდ, მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ბალანსზე რიცხული 212 231 482 ლარის ღირებულების უძრავი ქონების ფინანსური აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. ასევე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ არის აღრიცხული სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებულ ვარგისი მატერიალური აქტივები, რაც ქონების დაზიანების, ან მესამე პირთა მიერ არამართლზომიერი სარგებლობის რისკებს წარმოშობს.

დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებით რეგულაციის არარსებობის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 19 560 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება.

„ბიზნეს ფორმულა“ დაინტერესდა გადაიგზავნა თუ არა საგამოძიებო ორგანოში აუდიტის ანგარიში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ დოკუმენტი გამოსაკვლევად, პროკურატურას უკვე გადასცეს.