LIVE

მიმდინარე კვირიდან საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება

31 იან 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1589
მიმდინარე კვირიდან საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება

მიმდინარე კვირიდან ქვეყანაში საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება. ნავთობიმპორტიორ კომპანიებში საწვავის ფასის ზრდის მიზეზად ნავთობის გაძვირებას ასახელებენ.

“თებერვლის პირველ რიცხვებშივე ნაწილობრივ მოხდება ფასების ზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ გაყიდვების კუთხით ქვეყანაში იანვრის თვე არ არის აქტიური, დეკემბრის მარაგები გვაძლევდა საშუალებას, რომ შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა, თუმცა ახალ შესყიდვებზე, რომელიც უკვე იანვარში განხორციელდა და თებერვალში მოხდება მათი რეალიზაცია, ბუნებრივია აისახება გაზრდილი ნავთობპროდუქტების ფასები“,- აცხადებს „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსია. მეორე მხრივ, ფასის მატებაზე გავლენა ახლო აღმოსავლეთში სანავთობო ინფრასტრუქტურის დაზიანებამ იქონია. ენერგეტიკული ბაზრების შეფერხებას გარკვეულწილად ახდენს რუსეთ-უკრაინას შორის არსებული ესკალაციის რისკიც.

„ნავთობის ამჟამინდელი ფასი 2014 წლის ოქტომბრის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. OPEC+ იმ ვალდებულებას რომელიც აიღო ნავთობის წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით, დეკემბრისა და ოქტომბრის თვეში, შეიძლება ითქვას რომ ვერ ასრულებს“,- აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

ახლა ყურადღება OPEC-ის შეხვედრისკენაა მიმართული, რომელიც 2 თებერვალს ონლაინ რეჟიმში გაიმართება. შეხვედრაზე ნავთობმწარმოებლები უნდა  შეთანხმდნენ, გაიზრდება თუ არა ნავთობის დღიური წარმოება, რათა საერთაშორისო ბაზარზე შესაძლებელი გახდეს ნავთობის ფასის მზარდი ტემპის შეკავება. ამ ეტაპზე, 1 ბარელი ნავთობის ფასი $90-ს აჭარბებს. Bank of America-ს ანალიტიკოსების განცხადებით, გლობალური ენერგეტიკული კრიზისი 2014 წლის შემდეგ პირველად, ბარელზე ფასის  $100-მდე გაზრდას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავის ფასმა ზრდა დაიწო და ნოემბრის მიწურულს 1 ლიტრი ბენზინის ფასმა 3 ლარს 15-20 თეთრით გადააჭარბა, რასაც "ვისოლისა" და სხვა კომპანიების მიმართ საპროტესტო კამპანია მოჰყვა.