LIVE

საწვავის ფასით უკმაყოფილო მოქალაქეები აქციზის განახევრებას ითხოვენ

11 ნოე 202113:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 1349

"უარი საწვავის ფასებს" - სოციალურ ქსელში მზარდი საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორები "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ახალი ინიციატივით მიმართავენ და ბოიკოტის შეწყვეტის სანაცვლოდ, ერთობლივი ძალისხმევით, აქციზის გადასახადის განახევრების მოთხოვნის ინიციატივით გამოდიან. 

"გაორმაგებულია აქციზის ფასი. იყო 250 ლარი და ახლა 500 ლარია. ამ ეტაპზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და პანდემია მძვინვარებს, ნამდვილად კრიზისი იქნება. თუ რეაგირება არ იქნება "ვისოლის" შემდეგ სხვა ბენზინგასამართი სადგურების გაპროტესტებაზეც გადავალთ",- ამბობს საპროტესტო კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი გილიგაშვილი. 

აქციზის შემცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას ნაწილობრივ იზიარებს თავად ბიზნესი. კერძოს, სექტორის ნაწილი ადასტურებს რომ აქციზის გადასახადის შემცირებით ფასები დროებით მეტნაკლებად დასტაბილურდება.

"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თუ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა გაგრძელდება, გადასახადების შემცირება საკითხს ვერ გადაჭრის და საწვავი მაინც გაძვირდება. 

"აქციზის კონტრიბუცია ფასში დაახლოებით 45 თეთრამდეა. შესაბამისად, მასზე უარის თქმა ბიუჯეტისთვის ფუფუნებაა და ამ შემთხვევაში ალტერნატიული შემოსავლებით უნდა დაბალანსდეს. თუმცა ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა. მივესალმებით დაბალ ფასს და ასევე იმასაც, რომ აქციზი გარკვეული პერიოდით შემცირდეს",- აცხადებს "ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.