LIVE

ნონა გაფრინდაშვილის საქმის მოსამართლემ Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

28 იან 202209:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1069
ნონა გაფრინდაშვილის საქმის მოსამართლემ Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ნონა გაფრინდაშვილის საქმის მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა Netflix-ის შუამდგომლობა, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს იურიდიული ფირმა BLB, რომელიც კალიფორნიის სასამართლოში გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს. 

„საქართველოს ვულოცავთ ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!

მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით“,- აცხადებენ იურიდიულ ფირმა BLB-ში.

მოსამართლემ დაადგინა, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით გაფრინდაშვილის არგუმენტაცია დამაჯერებელია. მისი განცხადებით, მხატვრული ნაწარმოები შესაძლოა, იყოს ცილისმწამებლური, თუ ის რეალურ ადამიანებს ამცირებს.

ვირჯინია ფილიპსის განცხადებით, სასამართლო არ იცნობს შემთხვევას, როცა მხატვრულ ამბავში რეალური პირის შესახებ დამახინჯებული ინფორმაციის გამო ცილისწამება დაშვებულია. 

Netflix-ის სააპელაციო გადაწყვეტილება დიდწილად ეყრდნობოდა მსგავს საქმეს. ამ შემთხვევაში, მსახიობმა ოლივია დე ჰევილენდმა FX Networks-ს რაიან მერფის სერიალში Feud ყალბი დიალოგის გამო უჩივლა. მაშინ სასამართლომ დაადგინა, რომ დიალოგი სცენის დრამატიზებას ემსახურებოდა. 

მოსამართლე ვირჯინია ფილიპსის განცხადებით, ამ შემთხვევისგან განსხვავებით, Netflix-ის ფილმის მაყურებელს შესაძლოა, დარჩეს მცდარი შთაბეჭდილება, რომ გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაცებთან. მისი გადაწყვეტილებით, გაფრთხილება, რომ ფილმის შინაარსი გამოგონილია, საკმარისი არ არის.  

მოსამართლემ ყურადღება სქესთან დაკავშირებულ სტიგმაზეც გაამახვილა. მისი თქმით, შოუს თემა მოიცავს გენდერული ბარიერების დარღვევას, თუმცა მხატვრული ჰარმონია გაფრინდაშვილის მიღწევის გამოტოვებით მიიღწევა.  

Netflix-მა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გააკეთა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას ნონა გაფრინდაშვილი გამოეხმაურა, რომელიც საბოლოო გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. ზოგადად ცხოვრებაში და ასევე სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე. მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს. მადლობა ამერიკულ სასამართლოს რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.

დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.

უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე“, - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი. 

მოჭადრაკემ კალიფორნიის სასამართლოს გასული წლის სექტემბერში მიმართა. საჩივარი ფილმში გაჟღერებულ დეზინფორმაციას უკავშირდება. გაფრინდაშვილის თქმით, სიცრუეა, რომ მას არასდროს უთამაშია მამაკაცის წინააღმდეგ. ქართველი მოჭადრაკე ამტკიცებს, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტის“ რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე შეცდომით კი არა, განზრახ დაამახინჯა. მან Netflix-სგან კომპენსაციის სახით $5 მილიონი მოითხოვა.