LIVE

დანია Covid-19-ს საზოგადოებისთვის საფრთხედ აღარ განიხილავს

27 იან 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1167
დანია Covid-19-ს საზოგადოებისთვის საფრთხედ აღარ განიხილავს
A. PÉREZ MECA (EUROPA PRESS)

დანია Covid-19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვებს 31 იანვარს მოხსნის და აცხადებს, რომ ვირუსი საფრთხეს აღარ უქმნის საზოგადოებას იმის მიუხედავად, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს.

დანიის გადაწყვეტილება აძლიერებს იდეას, რომელიც ახლახან გაჩნდა ევროპაში - დროა დავიწყოთ Covid-ის ენდემურ ვირუსად და არა პანდემიად შეფასება. თუმცა, "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ექსპერტები ქვეყნებს ნაადრევი თვითკმაყოფილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

შეზღუდვების შემსუბუქება ასევე ეხმიანება ბოლოდროინდელ ნაბიჯებს სხვა ქვეყნებში, მათ შორის ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში, შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. გადაწყვეტილება ეყრდნობა კვლევებს, რომელთა თანახმად, ომიკრონის მიმდინარეობა ნაკლებად საშიშია, ვიდრე ვირუსის ადრინდელი ვარიანტების.

ასევე არსებობს აზრი, რომ შეზღუდვები ვერ შეაჩერებს ძლიერ გადამდები შტამის გავრცელებას. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში დაახლოებით მილიონი დანიელი დაინფიცირდა, თუმცა ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა მცირდება. ქვეყანაში, სადაც 5,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 44 Covid-19 პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

“პანდემია ჯერ კიდევ აქ არის, მაგრამ რაც ვიცით, ვბედავთ დავიჯეროთ, რომ კრიტიკული ეტაპი გავიარეთ”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დანიაში ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება მას შემდეგ, რაც ომიკრონის ქვევარიანტი, BA.2, ვირუსის დომინანტური ვერსია გახდა წლის მეორე კვირაში. ჯანდაცვის ორგანოების წინასწარი შეფასებით, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 1,5-ჯერ უფრო გადამდები, ვიდრე BA.1 ქვევარიანტი, რომელიც მსოფლიოში ომიკრონის შემთხვევების 98%-ს შეადგენს.

დანიაში მოქმედი შეზღუდვები მოიცავს რესტორნებისა და ბარების მუშაობის შეზღუდულ საათებს, Covid პასპორტების გამოყენებას და მაღაზიებსა და ზოგიერთ შიდა ღონისძიებაზე ნიღბების ტარების მოთხოვნას.

რაც შეეხება სკანდინავიის სხვა ქვეყნებს, შვედეთის ხელისუფლება აგრძელებს შეზღუდვებს ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის გაზრდის გამო, მაგრამ ვარაუდობენ, რომ შეზღუდვების უმეტესობის მოხსნას ორ კვირაში შეძლებენ. ნორვეგიამ შეიძლება დაიწყოს ზომების თანდათანობით შემსუბუქება, რადგან მხოლოდ “ექსტრემალურმა” ქმედებებმა შეიძლება შეანელოს ომიკრონის ვარიანტის გავრცელება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მორტენ ბატლერი