
Bloomberg-ის სტატისტიკით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოს 184 ქვეყანაში 10 მილიარდზე მეტი აცრა ჩატარდა.
გლობალურად, ვაქცინაციის დღიური საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 32 მილიონი დოზაა. ამ ტემპით, მსოფლიოში მოსახლეობის 75%-ის მინიმუმ 1 დოზით აცრას კიდევ 5 თვე დასჭირდება.
ვაქცინაცია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში 10-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი დოზა ადმინისტრირებულია ჩინეთში, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.97 მილიარდს გადააჭარბა, მას მოჰყვება ინდოეთი 1.67 მილიარდზე მეტი დოზით, მე-3 ადგილზე ევროკავშირი 812 მილიონზე მეტი დოზით, მას მოსდევს აშშ სადაც 536 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა გამოიყენეს.
რაც შეეხება საქართველოს, 26 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 676 520 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 325 112 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 46.1%. სრულად ვაქცინირებულია 1 212 744 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 42.2%. "ბუსტერ" დოზა გაკეთებული აქვს 136 478 ადამიანს.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს. სამედიცინო ცენტრების ნაწილი მოსახლეობას ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშეც სთავაზობს.