ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით პასუხისმგებლობას ინვესტორს აკისრებს და აცხადებს, რომ ENKA-ს მოსახლეობასთან მეტი რომ ემუშავა, შეიძლება, პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეჰქმნოდა.
„ინვესტორს თავის დროზე მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა, უფრო მეტი ემუშავა მოსახლეობასთან და გარკვეული დრო არ დაეკარგა, დღეს, შეიძლება, სულ სხვა სურათი ყოფილიყო, მაგრამ ახლა ვართ იქ, სადაც ვართ“,- აღნიშნა თურნავამ.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ENKA-სთან მოლაპარაკებები გრძელდება და მთავრობის სურვილია, საქმე არბიტრაჟამდე არ მივიდეს.
„ჯერჯერობით საარბიტრაჟო დავა დაწყებული არაა. შესაძლოა, ისე შევთანხმდეთ, რომ არბიტრაჟამდე არც მივიდეთ, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენი სურვილია. ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკება, რომ თუნდაც პროექტის დატოვება მოუწიოს კომპანიას, რა პირობებით შეიძლება ეს მოხდეს. ჩვენი ამოცანაა, ეს არ იყოს დამაზიანებელი არც პროექტისთვის და არც ქვეყნისთვის“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, 2021 წლის სექტემბერში, თურქულმა კომპანია ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან "ნამახვანჰესის" მშენებლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც წინ მოსახლეობის ნაწილის ხანგრძლივი პროტესტი და ინვესტორისთვის მუშაობაში ხელის შეშლა უძღოდა.