LIVE

Gazprom-ის დღიური ექსპორტი 7-წლიან მინიმუმზეა

17 იან 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 743
Gazprom-ის დღიური ექსპორტი 7-წლიან მინიმუმზეა
Bloomberg

Gazprom-ის დღიური ექსპორტი ძირითად ბაზრებზე მიმდინარე წლის პირველ 15 დღეში 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. იზრდება კრიტიკა, რომ კომპანია ევროპისთვის გაზის მიწოდებას ზღუდავს.

რუსულმა გაზის გიგანტმა ძირითად ბაზრებზე, რომელიც ევროპის უმეტეს ნაწილს, თურქეთსა და ჩინეთს მოიცავს, 5,4 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი განახორციელა. Bloomberg-ის გამოთვლით, ეს 360 მილიონი კუბური მეტრის საშუალო დღიურ ნაკადს უდრის და გასული თვის საშუალოზე თითქმის 18%-ით დაბალია.

Gazprom-ი თითოეულ ქვეყანაზე ექსპორტის წილს არ ასახელებს, რაც ევროკავშირში მიწოდების შეფასებას ართულებს. თუმცა, კომპანიის განცხადებით, თურქეთსა და ჩინეთში ექსპორტი ერთი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

Gazprom-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კომპანიის ყოველდღიური გადაზიდვები ევროკავშირში თვის პირველ ნახევარში საშუალოდ 250,5 მილიონ კუბურ მეტრამდე დაეცა, რაც ერთი წლის წინანდელი მოცულობის ნახევარზე ოდნავ მეტია.

დეკემბრის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ Gazprom-ი გაზის მიწოდების გრძელვადიან შეთანხმებებს ასრულებს და Yamal-Europe-ით გადაზიდვების არარსებობა ევროპიდან მოთხოვნის ნაკლებობას ასახავს.

აღსანიშნავია,რომ Gazprom-ის წარმოება თვის პირველ ნახევარში დღეში საშუალოდ 1,54 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალია 2014 წლის შემდეგ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ოლგა ტანასი და დინა ხრანიკოვა